რეზონანსი
13.10.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და შეეხნენ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს.

„ვმუშაობ პროექტზე, რომ თბილისში ეუთოს მხარდაჭერით ჩატარდეს კონფერენცია ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეუთო იყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ ქალები მეტად იყვნენ ჩართულნი ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ, ასევე საფინანსო, მიმართულებებში.

ისაუბრეს ასევე ეუთოს მუშაობაზე ქალთა ჩართულობის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით იმ სფეროებში, სადაც კაცების როლი უფრო მეტად დომინანტურია, მაგალითად, როგორიცაა პოლიცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, არჩევნებში ქალი კანდიდატების რაოდენობა კვლავ მცირეა.

შეხვედრისას განიხილეს ასევე რეგიონში საქართველოს როლის მნიშვნელობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×