რეზონანსი
22.10.2021

14 ოქტომბერს, 30 თუ 40-ათასიანი მიტინგი იყო, მობილობა, მიკროავტობუსებით ჩამოდიოდნენ ადამიანები, ნახევარზე მეტს პირბადე არ ეკეთა, სხვას რას უნდა მოველოდეთ?- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ეპიდვითარებასთან და ვაქცინაციის შემცირებულ ტემპთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ვაქცინაციის ყოველდღიური რაოდენობა მიზერულია და „ადამიანები პირველად აცრაზე თითქმის არ მიდიან".

„ერთი თვის წინ დღიურად 25-30 ათასი ვაქცინაცია გვქონდა, მოველოდით რომ ეს რაოდენობა 40 ათასი გახდებოდა, ყველა პირობაა ამისთვის შექმნილი - 2 მლნ-ზე მეტი ძალიან ეფექტური ვაქცინა, „ფაიზერის" ჩათვლით, 500-ზე მეტი ვაქცინაციის ცენტრი, მობილური ავტობუსები, მობილური ჯგუფები რეგიონებში, ე.წ. ვაქცინაციის მარათონი, უამრავი წამახალისებელი ღონისძიება მათთვის, ვინც აიცრება და ვინც დაარწმუნებს სხვებს, რომ აიცრან. პირადად მინისტრი, NCDC-ს ხელმძღვანელობა კარდაკარ, ოჯახ-ოჯახ დადის და ცდილობს ადამიანები ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაარწმუნოს.

ამის მიუხედავად, ბოლო 5 დღეა ვაქცინირებულთა რაოდენობა 4-5 ათასია, რაც მიზერულია, კატასტროფაა. ამ რაოდენობიდანაც ძირითადად მეორადი აცრებია. პირველად აცრაზე ადამიანები თითქმის არ მოდიან.

გასაგებია, რომ ანტივაქსერული განწყობა ძლიერია, სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ეს უკვე ანტივაქსერული განწყობაც აღარაა, ეს უკვე სამწუხარო, დაუჯერებელი რამაა. საქართველოს მოსახლეობა თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში ქვეყანას საბოტაჟს უწყობს. თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ გახდება იძულებული, რომ შეზღუდვები შემოიღოს და ეს შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. სულ 45%-ია მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში 90-95%-ია. მოსახლეობა კატეგორიულად არ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე - ქორწილებზე, ქელეხებზე, დაბადების დღეებზე და ამას დაემატა პოლიტიკური მიზნით შეკრებები. 14-ში იყო 30 თუ 40 ათასიანი მიტინგი, მობილობა იყო, მიკროავტობუსებით ჩამოდიოდნენ ადამიანები. ნახევარზე მეტს პირბადე არ ეკეთა. სხვას რას უნდა მოველოდეთ? მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობა ვაქცინაციისკენ უნდა შემობრუნდეს.

„რაღაც გვჭირს. უნდა გავთავისუფლდეთ ამ რაღაც ძალისგან",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×