რეზონანსი
24.11.2021

პარტია „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გაცნობის სურვილი აქვს, თუმცა მას „ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი მტრად აღიქვამს.

ვახტანგ მეგრელიშვილმა ამის შესახებ „პალიტრასიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" ისაუბრა.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა მისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

„მე ძალიან მინდა მიხეილ სააკაშვილის გაცნობა, ისტორიული ფიგურაა და ძალიან ბევრი საკითხი დარწმუნებული ვარ, როგორც დანარჩენ მოსახლეობას, მეც ასევე მაინტერესებს. მე მაქვს იქ შესვლის უფლება, მაგრამ მეორე მხრიდან ხომ უნდა იცოდე, რომ შენი ნახვა უნდათ, რაც მე მესმის იმ მედია საშუალებებიდან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს, ისინი ჩვენ მტრებად აღგვიქვამენ მაშინ, როდესაც ანალოგიური დამოკიდებულება არასდროს არ გვქონია.

მე უბრალოდ არ მესმის, ადამიანი აგერ არის, არაფერი არ დაგვიშავებია, პირიქით და დაუმსახურებლად გლანძღავენ და ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. რიგგარეშე არჩევნებს რომ ითხოვენ და ასე შემდეგ, შესაბამისად მე განცდა მაქვს, რომ ეს ხალხი საშიშროებაა ჩემთვის, მთელი „ნაციონალური მოძრაობა" მთელი კონგლომერატით, თავისი სამი ტელევიზიით. მე რომ მოვინდომო იქ შესვლა ძალიან არაადეკვატურად გამოვჩნდები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილისგან რომ იყოს ასეთი სურვილი, მე დიდი სიამოვნებით გავიცნობდი, რადგან საერთოდ მაინტერესებს", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში სტუმრობისას კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი გიგა ბოკერია და „ევროპული საქართველო" გააკრიტიკა.

მისი თქმით, გიგა ბოკერიას განცხადება, რომ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმის წარმოდგენა შეუძლია, „უცნაური ამბიციაა".

„გიგას მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ეს არის პარტია, რომელიც პარლამენტში არ არსებობს. ისე შევიდა პარლამენტში, რომ პარლამენტში შესული გაქრა. ეს უცნაური პოლიტიკური ამბიციებია, მე არ მაქვს ასეთი ამბიციები. მე ვკმაყოფილდები იმ შედეგით, რომელსაც ვაჩვენებ და მინდა, რომ უბრალოდ, ის შედეგი გაიზარდოს. ასე არ მგონია, რომ შედეგი იზრდებოდეს, არ მგონია, რომ როდესაც საკუთარ თავს არაადეკვატურად წარმოიდგენ, ამის გამო შენ გახდები ის, როგორადაც წარმოიდგინე თავი", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×