რეზონანსი
04.12.2021

მაღალი ბარიერის შემთხვევაში პარლამენტში მთქმელი აღარავინ იქნება, ვინც ეცდება მაინც, ხალხის საჭიროების საკითხებზე გადავიდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„წარმოიდგინეთ, ამ მომენტში რომ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იყოს, რა იქნება?! – იქნება „დაკა-დაკა“, რაც ამ ხნის განმავლობაში იყო. ზოგი მაგიდაზე შეხტება ფეხშიშველი და ზოგი მაგიდას გადაახტება. აი, ეს იქნება, დანარჩენი ოპოზიცია რომ არ ვიყოთ, რომელსაც, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად, მართლა გვაინტერესებს ხალხის რეალური პრობლემები“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მოხერხდება კონკრეტულ საკითხებზე თანამშრომლობა საკმაოდ მრავალფეროვან საკრებულოებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავს, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დესტრუქციულია და არ აქვს მოლოდინი, რომ საკრებულოებში თანამშრომლობა შედგება.

„მათი მიზანი არის ძალაუფლების დაბრუნება და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ქაოტურ-რევოლუციური ვითარების შექმნა, თორემ საქმეზე ორიენტირებული რომ იყვნენ, ძალიან კარგი იქნებოდა, საკრებულოებში ოპოზიცია იმდენად მძლავრად არის წარმოდგენილი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, მრავალპარტიული დემოკრატია ძალიან კარგია, რომლის პირობებშიც შეიძლება, პატარა პარტიის ხმა გადამწყვეტი გახდეს.

„მრავალპარტიული დემოკრატია ძალიან კარგი რამეა. შეიძლება, პატარა პარტიის ხმა გადამწყვეტი გახდეს. ნახეთ, რუსთავის და კიდევ რამდენიმე საკრებულოში როგორ ხარბად იქცევა მმართველი პარტიაც და „ნაციონალური მოძრაობაც“. რუსთავის საკრებულოში ერთსაც 16 ხმა აქვს და მეორესაც, გახარიას პარტიას კი რამდენიმე ხმა აქვს, სამი თუ ოთხი. ესენი, გახარიას პარტიის წარმომადგენლები ეუბნებიან, ჩვენ დაგვიჭირეთ მხარიო, რასაც ეწინააღმდეგება როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“. ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ იქ გადაბირება-გადმობირებები არ იქნა, საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის კანდიდატის არჩევა მოუწევთ. აი, რა მოხდა, რომ აირჩიონ?! ამიტომ არ გვინდა მაღალი ბარიერი, რადგან სადაც მარტო ეს ორი პარტია იქნება, პროცესები იქნება გაჭედილი. საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის კანდიდატს რატომ არ უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“, რა, ქვეყანა დაიქცევა?! მაგრამ აი, ეს არის საინტერესო, რომ მხოლოდ მრავალპარტიულობის დროს ხდება ეს, სადაც დაბალი ბარიერია, მაშინ ხდება. როცა მაღალი ბარიერი იქნება, პატარა პარტიები ვერ იქნებიან და მათი ხმა საერთოდ ჩაიკარგება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×