რეზონანსი
20.01.2022

უკანონოდ დაკავებულებთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი დისკუსია შედგა - ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე თითოეული მათგანი არ დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ერგნეთში დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულთაგან სამს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გარდა, ედავებიან ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასაც.

,,დღევანდელ შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი. შედგა ძალიან ვრცელი დისკუსია და რაიმე კონკრეტული პასუხი მათთან დაკავშირებით ვერ წარმოგვიდგინეს, თუმცა, ეს საკითხი დაკავებების პირველივე წუთებიდან იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონტროლზე და ეს კონტროლი და ჩართულობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა, ვინაიდან, ისინი არიან უკანონო პატიმრები და ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე თითოეული მათგანი არ დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს. რა თქმა უნდა, არის გარკვეული სამუშაო ვერსიები, რაზეც, გარკვეული მოსაზრებების გამო, მე ახლა ვერ ვისაუბრებ. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ დაეკონკრეტებინათ ე.წ. ბრალდებები, რაც მათ მიმართ არის ინკრიმინირებული, ბატონებს - კანიაშვილს და ნათაძეს ედავებიან ე. წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდას.

რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობას, ეს საკითხიც, რა თქმა უნდა, საგანგებოდ იქნა დასმული და მოვითხოვეთ განმარტებები მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ არსებობს საფუძველი, რის გამოც მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას რაიმე ტიპის ფიზიკური ზემოქმედება და გამორიცხეს ასეთის ალბათობა. ანალოგიურ ინფორმაციას ვღებულობდით ასევე ,,ცხელი ხაზის" მეშვეობითაც. მოგეხსენებათ, ეს ინფორმაცია არ ზიარდება მხოლოდ ჩვენ შორის, ამ ინფორმაციაზე წვდომა აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც და შესაბამისად, არის ნაკლები ალბათობა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. მამუკა ჩხიკვაძეს ედავებიან ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთას და ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდას, ეს მათ დღეს განაცხადეს.

რაც შეეხება შემდგომ ე.წ. პროცედურებს, თუ რა იგეგმება ექვსივე უკანონოდ დაკავებული პირის მიმართ, პასუხი იყო მიღებული, რომ ეს ე.წ. პროცედურები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ისინი არ აღმოჩნდნენ მზად, რომ მოეწოდებინათ მეტი კონკრეტიკა", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სუს-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკანონო დაკავებების გარდა, ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა გამყოფ ხაზთან ე.წ. ბორდერიზაციის მიმდინარე პროცესი.

,,რაც შეეხება ე.წ. ბორდერიზაციას, ამ საკითხზეც გაკეთდა მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა არა მხოლოდ კირბალის კოტექსტში, არამედ, მთლიანად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დესტრუქციულ და უკიდურესად სახიფათო ქმედებებეზე. კირბალთან დაკავშირებით, კონკრეტულად მოვითხოვეთ, გაეცათ პასუხი, რას ნიშნავდა ეს თეთრი მონიშვნები, მოვითხოვეთ, დაედასტურებინათ ან გაეკეთებინათ უარყოფა იმისა, რომ იქ მზადდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ტალღა. სამწუხაროდ, ჩვენ კონკრეტული პასუხი ამაზე ვერ მივიღეთ, რაც, შესაძლოა, მიუთითებდეს იმას, რომ საოკუპაციო ხაზის ამ სეგმენტზე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ამგვარ პროცესებს, არსებობს თეორიულად ამის ალბათობა. აღნიშნული საკითხიც არის აყვანილი საერთაშორისო პარტნიორების კონტროლზე", - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

ანთაძის განცხადებით, ერგნეთში დღეს გამართულ რიგით 104-ე შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩoრჩანაში არსებულ ვითარებას და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის თავისუფლად გადაადგილებაზე არსებული შე4ზღუდვების გამო შექმნილ პრობლემებს.

,,დღესვე, კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ ნეგატიურ პროცესებზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ამყოფებს პერმანენტული შიშის ქვეშ. მათგან კვლავ გაჟღერდა მოთხოვნა, რომ აღებულ იქნას პოლიციის სტანდარტული პოსტი, რაც, რა თქმა უნდა, არის სრული აბსურდი, ვინაიდან, ეს პოსტი არის ცენტრალური ხელისუფლების კონტოლირებად ტერიტორიაზე, მასზე წარმოდგენილნი არიან პოლიციელები სტანდარტული საპოლიციო ეკიპირებით და ვერანაირად ვერ ახსნეს, თორმეტკაციან პირად შემადგენლობას რანაირად შეუძლია საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოების გარემოს.

ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე, რაც ასევე ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს", - განაცხადა ანთაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×