რეზონანსი
25.01.2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავს აღნიშნავს. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სიტყვა წარმოთქვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ამ დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისა და გარდაქმნების მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერი და ურყევი დარჩა", - განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც კელი დეგნანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცეს, რომ ეფექტურად იბრძვიან რეგიონული, გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ.

„როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცეს, რომ ეფექტურად იბრძვიან რეგიონული და გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი სარგებელისთვის - იქნება ეს შავი ზღვის ღიაობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება; უკანონო ნარკოტიკებისა და იარაღის შემოსვლის აღკვეთა თუ საერთაშორისო კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ მოქმედება. საერთო ინტერესები და საერთო ღირებულებები გვაქცევს ბუნებრივ პარტნიორებად, ვმუშაობთ რა, დიპლომატიის გზით ისეთ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიცაა გაერო და ეუთო, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, მშვიდობის, ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშესაწყობად. შეერთებული შტატები აცნობიერებს, რომ ჩვენი ალიანსებისა და პარტნიორობის გლობალური ქსელი ჩვენი უდიდესი ძალაა და საქართველო ამ ქსელის ღირებული ნაწილია. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, სადაც მოკავშირეები ერთობლივად მუშაობენ მშვიდობისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ გზით ინარჩუნებენ ჩვენი ერები ცხოვრების იმ წესს, რომელსაც ასე ვუფრთხილდებით და ვაფასებთ. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფოდა, მათ შორის მეფე დავითის დროსაც, მეზობლებთან ამ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ.

მომდევნო 30 და შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას. საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო.

როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ", - განაცხადა დეგნანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×