რეზონანსი
25.01.2022

პრობლემა შეიძლება ოპოზიციაშიც იყოს - ყოველ კვირაში არმაგედონის გამოცხადებას, რომ „ქართული ოცნება" ამ პარასკევს დამთავრდება და ხელისუფლება შეიცვლება, ხალხში არანაირი ძალა არ აქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ ქუჩის საპროტესტო აქციებით ოპოზიცია დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან ამ ყველაფერს სისტემური მუშაობა სჭირდება. ვაშაძის განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებელი" წინა წელს ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტისგან დაზარალდა, რადგან მათ პარტიას მოუწია მოსახლეობისთვის აეხსნა, რომ ისინი არ წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას".

„ყველაზე დიდი წინააღმდეგობა იქნება, რომ პროტესტი გამოხატოს ხალხმა არჩევნების დროს. შეიძლება პრობლემა იყოს ოპოზიციაშიც. ბევრს ვფიქრობ ამაზე, რომ ალტერნატივა არ აქვთ. ყველა პროტესტი უნდა გამოიხატებოდეს არჩევნებზე. კი გააყალბა, მანიპულაცია გააკეთა, მაგრამ ამდენმა ადამიანმა, თუნდაც მოსყიდვის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას" რატომ მისცა ხმა? - ამაზე უნდა დავსვათ კითხვა. საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, ვერ შევძელით შეგვექმნა ისეთი ტალღა, ისეთი პოზიტიური განწყობა ამომრჩეველში, რომ მისულიყო და ცვლილებებისთვის მხარი ყველას მასობრივად დაეჭირა. აქ არის ოპოზიციის მხრიდან შეცდომებიც, შესაბამისი ნდობა ვერ აღვძარით. საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ პრობლემები. ჩვენ ვართ სხვა პოლიტიკური პარტია, არ ვიყავით „ნაცმოძრაობასთან" ერთად კოალიციაში წინასაარჩევნოდ და არც ვაპირებთ კოალიციაში ყოფნას. მე განვსხვავდები მათგან და ამიტომ ვარ სხვა პარტიაში. ჩვენც დავზიანდით შარშანდელი ბოიკოტისგან. ჩვენ რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ ვართ, ამის ახსნა ხელახლა დაგვჭირდა საზოგადოებისთვის. არ ვაპირებთ ამ ხაზიდან გადახვევას, არანაირ კოალიციებზე მსჯელობას არ ვაპირებთ. ყველა რაციონალური ადამიანი ხვდება, რომ მხოლოდ ქუჩა საკმარისი არ არის, რომ შედეგზე გახვიდე. ყოველ კვირაში არმაგედონის გამოცხადება, რომ ამ პარასკევს დამთავრდება „ქართული ოცნება" და შეიცვლება, ხალხშიც უკვე ემოცია აღარაა, არანაირი ძალა არ აქვს. ამას სჭირდება სისტემური მუშაობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×