რეზონანსი
25.01.2022

"სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ ომიკრონი ბოლო ვარიანტი იქნება" - განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ კორონავირუსის ახალი შტამების გამოსავლენად იდეალური პირობები ნარჩუნდება.

ტედროს გებრეისუსის აზრით, რამდენიმე საკვანძო საკითხის გადაჭრის შემთხვევაში პანდემიის მწვავე ფაზა შეიძლება წელს დასრულდეს.

"სხვადასხვა სცენარი არსებობს იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება პანდემია და როგორ შეიძლება დასრულდეს მწვავე ფაზა, მაგრამ სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ "ომიკრონი" ბოლო ვარიანტი იქნება ან ფინალურ ფაზაში ვართ. პირიქით, გლობალურად იდეალური პირობებია ახალი ვარიანტების წარმოსაქმნელად. პანდემიის კურსის შესაცვლელად უნდა შევცვალოთ ის ნაბიჯები, რაც ამას განაპირობებს. მართალია, რომ ახლო მომავალში კოვიდთან ერთად ვიცხოვრებთ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსს თავისუფლად მივუშვებთ და კვირაში 50 ათას გარდაცვლილს შევეგუებით," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ "ომიკრონ" შტამი ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე უფრო დიდხანს ჩერდება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. იაპონია შეზღუდვების გახანგრძლივებას გეგმავს.

კვლავ რეკორდულია მონაცემები ევროპაში. საფრანგეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა ობიექტებში კოვიდპასპორტის წარდგენის ვალდებულება ამოქმედდა.

ომიკრონის ტალღამ პიკს მიაღწია იტალიაში. გერმანიაში კი გასულ კვირასთან შედარებით 86%-ით გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები. ინგლისში აღმოჩენილი ომიკრონის ქვეტიპი გავრცელებას განაგრძობს.

კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა შეერთებულ შტატებში, სადაც ვირუსის პრევენციის მიზნით პირბადეებს და კოვიდ ტესტებს უფასოდ ურიგებენ მოსახლეობას.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ახალ შტამებთან გამკლავების მთავარ ბერკეტად ბუსტერ დოზით აცრას ასახელებს.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა ავსტრალიაში. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასკოლო არდადეგების დასრულებას ინფექციის მაჩვენებელის ზრდა მოყვება.

ახალი ზელანდიაში კი მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან დახურულ სივრცეში პირბადეები ატარონ. ქვეყანაში წითელი ზონების რაოდენობა იზრდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ "ბი-ეი-2-ი" გაცილებით სწრაფად ვრცელდება ვიდრე მისი თავდაპირველი ვარიანტი.

ფაიზერმა და ბიოტექმა კი ომიკრონზე მორგებულ ვაქცინაზე დაიწყეს მუშაობა.

"ბი-ეი-2" ომიკრონის ქვეტიპია, მისი ასეულობით შემთხვევა თავდაპირველად ინგლისში იპოვეს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი უკვე 40 ქვეყანაში შეძლო გავრცელება, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში.

ახალი მუტაციის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მეცნიერების ვარაუდით "ბი-ეი-2"" ომიკრონზე სწარფად ვრცლედება და ტესტით მისი აღმოჩენა გაცილებით რთულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ომიკრონის ქვეტიპის შესწავლა უკვე დაიწყო. მიმდინარეობს ომიკრონზე მორგებული ვაქცინის კლინიკური ცდებიც, რომლებიც Pfizer-მა და BioNTech-მა დაიწყეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×