რეზონანსი
26.01.2022

საქართველო დაახლოებით 20 წელია, დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაზე მუშაობს, პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ჩვენს დემოკრატიაზე 245 წელია, ვმუშაობთ და ვხედავთ, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

ჟურნალისტებმა კელი დეგნანს შეკითხვა დაუსვეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მიერ გუშინდელ განცხადებაში გამოთქმულ ერთ-ერთ მოსაზრებაზე: „საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო".

„ეს არის გავლენა ღრმა პოლარიზაციის, რომელიც ქვეყანაში უკვე კარგა ხანია, არის. თუმცა, უფრო ფუნდამენტურად, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველო საკმაოდ მოკლე დროა, რაც მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებაზე, დაახლოებით 20 წელი. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი მეტია, ყველას ესმის, რომ მიღწეული პროგრესი ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენს დემოკრატიაზე 245 წელია, ვმუშაობთ და ვხედავთ, რომ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

ჭეშმარიტად ჯანსაღი დემოკრატია არასდროს წყვეტს რეფორმირებას, გაუმჯობესებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზების ძიებას, რადგან ყოველთვის მეტია გასაკეთებელი. ვიმედოვნებ, რომ საქართველოშიც ასევე იქნება.

გასული 20 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. მისი გაჩერება არ შეიძლება, ქვეყანამ უნდა განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. ეს არის საუკეთესო გზა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენი თვალსაზრისით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, საუკეთესო უსაფრთხოება და სტაბილურობაა ამ ქვეყნისთვის და ასევე, ჩვენთვისაც", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×