რეზონანსი
28.01.2022

ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ფრუსტრაციის ფონზე, მომავლის ხედვა არის დაკარგული. ხალხს აქვს გაურკვევლობის შეგრძნება, ვერ წარმოუდგენია როგორი იქნება ხვალინდელი დღე. შესაბამისად, მომავლის კონსტრუირება უნდა გავაკეთოთ და წინ ვიმოძრაოთ, - ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი გამოკითხვა.

ნიკა მელიას განცხადებით, ის, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება, ქვეყანაში არსებულ შიშზე მიუთითებს.

მისი თქმით, ყოველი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის" მზარდ რეიტინგს ადასტურებს.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, მათი პარტიის არჩეული სტრატეგიაა, იყვნენ მუდმივ მჭიდრო კონტაქტში ხალხთან და არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში.

„მოკლედ მინდა შევაფასო NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგი და ის, თუ რა მიმაჩნია მნიშვნელოვან ინდიკატორებად. პოლიტიკური რეიტინგების ნაწილი ფაქტობრივად არ არის განსახილველი, უარების ძალიან, ძალიან მაღალი პროცენტის გამო (58% უარი პასუხზე). ამასთანავე, შეგვიძლია მცირე შედარება მოვიყვანოთ NDI-ის შარშანდელ (ივლისის) შედეგებთან, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა 6% . ტექნიკურ თუ მეთოდოლოგიურ საკითხებზე საუბარი შორს წაგვიყვანს - ერთი კი ფაქტია, ის, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება, მხოლოდ ქვეყანაში არსებულ ავტოკრატიასა და შიშზე მიუთითებს, ხოლო ყოველი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის" მზარდ რეიტინგს ადასტურებს.

მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს პარტიათა შორის თანამშრომლობას (80%). მოკლედ, ზუსტად ეს საკითხები განსაზღვრავს ერთის მხრივ ოპოზიციაში არსებულ პრობლემებს, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი პარტიის (და არა მხოლოდ ჩვენი) მიერ ბოლოდროინდელ არჩეულ სტრატეგიას, ვიყოთ მუდმივ მჭიდრო კონტაქტში ხალხთან არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. ანუ ყოველი დღე იყოს საარჩევნო კამპანიის მსგავსი. თუ მაქსიმალურად ვიხელმძღვანელებთ ამ ხალხის პრიორიტეტებით და არა ვიწროპარტიული ინტერესებით - ყველაფერი გამოგვივა. სწორად უნდა გავიგოთ ხალხის დაკვეთა. თითქმის მთლიანად არის შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×