რეზონანსი
28.01.2022

ჩავარდნილი ვაქცინაცია საქართველოში არის მიზეზი 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების, სამწუხაროდ, ეს ციფრი გაიზრდება, - ამის შესახებ ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალურ სექტორსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ბევრი სხვა პრობლემაა, მაგრამ სტრატეგიული ჩავარდნა, რომელიც ასეთ მაღალ ლეტალობას იწვევს, არის ვაქცინაციის „არარსებობა".

„ეკონომისტმა" გამოაქვეყნა საინტერესო კვლევა - ის ხელისუფლებები, სადაც პოპულისტები არიან ძალაუფლებაში, მათთან ბევრად მეტი გარდაცვლილია, ვიდრე არაპოპულარული ღონისძიებების გამტარებელი ხელისუფლების ქვეყნებში. საქართველოს ხელისუფლება ატარებს პოპულისტურ პოლიტიკას. ვაქცინაციის გეგმაში არის გაწერილი „კეთილი სურვილები", თუმცა არ არის გაწერილი ამ სურვილების შემსრულებლები. ეს თავიდანვე იყო ამ დოკუმენტის ყველაზე სუსტი წერტილი. დაახლოებით 2 კვირა იქნება კრიტიკული იმ თვალსაზრისით, რომ სამწუხაროდ, იმ მოქალაქეთა დამძიმების დრო მოდის, რომლებიც დაინფიცირდნენ და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩვენს სამედიცინო სისტემას არ წალეკავს", - განაცხადა კალოიანმა.

მან ასევე ისაუბრა „ბუსტერ" დოზის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ვაქცინის დამატებითი, მესამე დოზის გაკეთების შემთხვევაში ადამიანს კორონავირუსის წინააღმდეგ უფრო ძლიერი იმუნიტეტი უვითარდება.

„რა ვიცით დღეს - ადამიანები, რომელთაც გაკეთებული აქვთ „ბუსტერი", დაცული არიან მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობისგან და ეს ფაქტია. ასევე ვიცით, რომ ადამიანები, რომელთაც აქვთ გადატანილი ინფექცია, არ არიან ისე დაცული, როგორც „ბუსტერიზებული" პირები. ადამიანები, რომლებიც ორჯერ არიან აცრილი, ბევრად ნაკლებად არიან დაცული, ვიდრე მოქალაქეები, რომელთაც „ბუსტერი" აქვთ.

თანამედროვე მედიცინაში გადაწყვეტილება მიიღება ფაქტებით, მტკიცებულებებით და ციფრებით. საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ და სახელმწიფომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს არსებული ფაქტების საფუძველზე და არა სავარაუდო თეორიების საფუძველზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ადამიანის „ბუსტერ" დოზა. ეს არის სტრატეგიული გამოსავალი", - აღნიშნა კალოიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×