რეზონანსი
17.05.2022

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას ემსახურება და დროულია იმ ფონზე, როდესაც საქართველო ელოდება თვითშეფასების კითხვარის განხილვას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსაზრებით, საქართველოს მოლოდინია, რომ ქვეყნის ძალისხმევა და გატარებული რეფორმები სათანადოდ იქნება ასახული გადაწყვეტილებაში.

მისი შეფასებით, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ევროპული საბჭოსა და ევროპული პარლამენტის პრეზიდენტებთან ძალიან დადებითი და დროული იყო.

„პრეზიდენტი შარლ მიშელი გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული განვითარების სცენარებზე არ გვისაუბრია, ვინაიდან, ეს ფართო განხილვის საგანია, თუმცა ჩვენი მოლოდინებია, რომ საქართველომ მიიღოს ის შედეგები, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ, რომლის საშუალებასაც ჩვენი ქვეყნის რეფორმების ამბიციური დღის წესრიგი გვაძლევს. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის საუბარი, რომ სამი ასოცირებული ქვეყნის ერთიანობა, მათთვის წახალისების მიღება ევროპული ინტეგრაციის გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება შეხვედრას ევროპული პარლამენტის პრეზიდენტთან, ის იყო ძალიან საინტერესო და პოზიტიური. ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან ღიად საუბრობს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც და აღინიშნა, რომ ევროპული პრიზმიდან ეს გამოწვევები კარგად დანახული და გაანალიზებულია.

მინისტრის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×