რეზონანსი
18.05.2022

ეროვნული ბანკი ე.წ „საპენსიო სესხებზე" კაპიტალის რისკის წონის 75%-დან 35%-მდე შემცირების მთავარ მოტივატორად საპენსიო ტენდერში კონკურენციის გაზრდას ასახელებს. თავად ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ამ ცვლილების შედეგად, კომერციულ ბანკს საპენსიო სესხის გაცემა გაუიაფდებათ.

BMG -სთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში სებ-ი განმარტავს, რომ ე.წ „საპენსიო სესხებზე" კაპიტალის რისკის წონის 2-ჯერ კლება არ გამოიწვევს სესხის პროცენტის მკვეთრ ცვლილებას, თუმცა ცვლილება კომერციული ბანკებითვის მიმზიდველს ხდიდა საპენსიო გასაცემელით უზრუნველყოფილი სესხების გაცემას. ამიტომ სებ-მა შეგნებულად დააჩქარა ცვლილების ასახვა ქართულ კანონმდებლობაში, რათა საპენსიო ტენდერში მონაწილეობა გამხდარიყო უფრო კონკურენტული.

„კაპიტალის რისკის წონის 75%-დან 35%-მდე შემცირება არ გამოიწვევს სესხის პროცენტის მკვეთრ ცვლილებას. დღეს ბაზარზე ლარის დეპოზიტზე არსებული საპროცენტო განაკვეთებისა და კაპიტალზე უკუგების მოთხოვნის დონის გათვალისწინებით, საპენსიო სესხებისათვის ეს დაახლოებით 0.3%-0.4%-იანი შემცირების ტოლფასია. შესაბამისად, ტენდერის გამოცხადებამდე (და შესაბამისად კონკურენციის არ არსებობის პირობებში) ამ ცვლილების შეტანა არ გამოიწვევდა საპენსიო სესხებზე პროცენტის ცვლილებას. თუმცა, კაპიტალის მოთხოვნის კუთხით, არის მნიშვნელოვანი შეღავათი და შესაბამისად, მიმზიდველი კომერციული ბანკებისათვის საპენსიო გასაცემელით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა.

ეს ცვლილება პასუხობს ევრორეგულაციაში „საკრედიტო ინსტიტუტების მიმართ პრუდენციული მოთხოვნების შესახებ" და შესაბამისად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საპენსიო გადასახდელებით უზრუნველყოფილ სესხებთან დაკავშირებით ახლად განხორციელებულ ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილების ასახვის ვალდებულება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ჯერ არ გვაქვს, სებ-მა შეგნებულად დააჩქარა ამ ცვლილების ასახვა ქართულ კანონმდებლობაშიც, რათა საპენსიო ტენდერში მონაწილეობა გამხდარიყო უფრო კონკურენტული და ცვლილებაც სამართლიანი და ცნობილი ბაზრის ყველა მონაწილისათვის კონკურსის დასრულებამდე", - ნათქვამია სებ-ის წერილში.

კომერციულ ბანკებს ე.წ. „საპენსიო სესხის" გაცემა უიაფდებათ, თუმცა რადგან საპენსიო გასაცემლებს სავარაუდოდ, ისევ „ლიბერთი" გასცემს, ცვლილება მხოლოდ ამ ბანკს შეეხება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებით, ფულადი გასაცემლების ბენეფიციარების მიმართ არსებული რისკის პოზიციები, რომელთა დაფარვის პირდაპირი წყარო არის ფულადი გასაცემლები, უნდა შეიწონოს 35%-იანი რისკის წონით, თუკი კმაყოფილდება რამდენიმე მოთხოვნა:

1. მსესხებელს ფულადი გასაცემლები უნდა ერიცხებოდეს გამსესხებელ ბანკში და ბანკს უნდა ჰქონდეს უპირობო წვდომა (მათ შორის, მსესხებლის ნებართვა), რომ ყოველთვიური გადახდები ავტომატურად ჩამოაჭრას მსესხებელს შესაბამისი ანგარიშიდან;

2. მსესხებლის გარდაცვალების რისკი დაზღვეული უნდა იყოს ბანკის სასარგებლოდ ან ბანკს შექმნილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვები აღნიშნული რისკიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგებისთვის;

3. სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის დაცული უნდა იყოს „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით" განსაზღვრული დასაშვები ნორმები;

4. სესხის მაქსიმალური ვადა უნდა განისაზღვროს ასევე „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების" შესაბამისად."

შეგახსენებთ, ამ ცვლილებამდე აპრილში ჯანდაცვის სამინისტრომ პენსიის და სოციალური გასაცემლების სერვისის პროვაიდერი ბანკის შესარჩევად 105-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. ორშაბათს ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ტენდერში "ლიბერთი ბანკმა" გაიმარჯვა. გარდა იმისა, რომ ბანკს გაუიაფდება ე.წ „საპენსიო სესხის" გაცემა, პენსიების დარიგებისთვის 15 მლნ ლარსაც მიიღებს.

ამჟამად საქართველოში პენსიით უზრუნველყოფილ კრედიტებს მხოლოდ "ლიბერთი ბანკი" გასცემს. დღეის მდგომარეობით, საპენსიო კრედიტების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, დაახლოებით, 35%-ია. მთლიანობაში 370,000 პენსიონერს 342 მილიონი ლარის საპენსიო სესხი აქვს აღებული.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×