რეზონანსი
21.05.2022

დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტ ივა ჭყონიას ინფორმაციით, მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ.

როგორც ჭყონია აღნიშნავს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მალფუჭებადი პროდუქტის გამტანმა მძღოლებმა, რომლებსაც სურთ პრიორიტეტული ტვირთის კატეგორიაში მოხვედრა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ტვირთის დეკლარაციის ნომერი უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც ისინი გზის გაგრძელებას შეუფერხებლად შეძლებენ.

„ისედაც გართულებულია სიტუაცია, რადგან გარკვეულწილად ჩვენ ვართ ერთ-ერთი სატრანზიტო დერეფანი იმ ომიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინის მიმართ აწარმოებს. ტვირთების რაოდენობა საკმაოდ არის მოჭარბებული და ამისთვის მომზადებული არავინ იყო. გამტარიანობა რომ უნდა ყოფილიყო დაახლოებით, 500-600 მანქანა დღეში, დაახლოებით, 3000 მანქანაა გაჩერებული. ზოგადად, ეს რთული ვითარებაა და არა მხოლოდ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, სხვა პუნქტებზეც ანალოგიური მდგომარეობაა. მიზეზი, თუ რატომ ვერ ვახერხებთ დროულად ტვირთის გადატანას ლარსის საბაჟო პუნქტიდან მეორე მხარეს, ეს არის რუსეთის საბაჟო, რომელიც საკმაოდ ნელა მუშაობს. ჩვენი მხრიდან თუ 600 მანქანა გადადის დღეში, მეორე მხარე დაახლოებით, 300-ის გატარებას ახერხებს. ეს ტრაფიკი ქმნიდა პრობლემას. ამასთან, ჩვენი პრობლემა კიდევ უფრო განსხვავებული იყო, რადგან მალფუჭებადი პროდუქტი - მწვანილი, კარტოფილი, პომიდორი, სალათის ფურცლები და ა.შ. იყო გაჩერებული. ამის გამო, მივმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრ ოთარ შამუგიას, რომლისგანაც მყისიერი რეაგირება იყო. მეორე დღევე შედგა თათბირი თენგიზ კალანდაძის ხელმძღვანელობით, რომელშიც მონაწილეობდნენ საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კახა ბუხრაძე და საბაჟოს წარმომადგენლები.

მიღებული გადაწყვეტილებით, ის ავტომობილები, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქტით იყვნენ დატვირთული, პრიორიტეტულ, გამწვანებულ ჯგუფში მოხვდა, დროულად მიიყვანეს ისინი ლარსის გამშვებ პუნქტთან და იქიდან მოხდება მათი გადაყვანა დანიშნულების წერტილამდე შეუფერხებლად. საუბარია, დღის განმავლობაში, დაახლოებით 30-დან 50-მდე სატვირთო ავტომობილზე. თუმცა, ეს პირველი ეტაპია - სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების 20%, რომელიც უახლოეს პერიოდში, ორ კვირაში, ერთ თვეში დაიწყება, რადგან მოდის ხილის სეზონი და ტემპერატურულ რეჟიმზეც კი ის გარკვეული პერიოდი ძლებს და შემდეგ გაფუჭებას იწყებს. ამით კი პრობლემა შეექმნებოდათ როგორც ექსპორტიორ კომპანიებს, ასევე ადგილობრივ ფერმერებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და დროული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. იმ ფერმერებს, რომლებიც ინფორმირებულები არ არიან შეუძლიათ მომართონ ჩვენს ასოციაციას, ან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად; წარმოუდგინონ საპატრულო პოლიციას ტვირთის დეკლარაცია და მოხვდნენ პრიორიტეტულ ჯგუფში", - განაცხადა ჭყონიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას და დასძინა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც სამინისტრომ მიიღო, ყველა გამშვებ პუნქტზე იმოქმედებს. თუმცა, მისივე ინფორმაციით, სამჯერ ნაკლები რაოდენობის ტვირთია გაჩერებული წითელ ხიდზე. ამასთან, ამ მიმართულებით მალფუჭებადი ტვირთი ნაკლებად გადის, ვიდრე ლარსის მიმართულებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×