რეზონანსი
25.06.2022

განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ დეპოლარიზაციაზე გააკეთა, დაგვიანებულია, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი-მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დაგვიანებულია, რადგან ჩვენ ყველამ დავინახეთ ის, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. მეტიც, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ თავისი განცხადებებით, მოქმედებებით და პასიურობით, იმით, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აქტიურობდა, ჩვენ ეს შანსი გადაგვივადა. როდესაც ერთი დღით ადრე ოპოზიციის წარმომადგენლებს ეძახი ავადმყოფებს, უსუსურებს, არარაობებს და ამბობ, ექიმი სჭირდებათ, მეორე დღეს კონსოლიდაციასა და დეპოლარიზაციაზე ლაპარაკი უბრალოდ, არანაირად არ ჩანს, რომ გულწრფელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად უჭერს მხარს იმ აქციებს, რომელიც ახლა რუსთაველზე იმართება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციებში მონაწილეობენ საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდები ძალიან ბევრი და პრაქტიკულად, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამდენი ახალგაზრდა ნამდვილად არ მინახავს მიტინგზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს აქციები სწორედაც, არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ არ არის ორგანიზებული და ეს არის სწორედ საზოგადოებისა და ახალგაზრდების ინიციატივა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ის ასევე ემხრობა მოთხოვნას, რომ მოქმედი მთავრობა უნდა წავიდეს, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა აღარ იყოს.

„რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ვერც იმის პრობლემას ვხედავ, რომ იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ. იმიტომ, რომ ეს იქნება ხანმოკლე პერიოდის მთავრობა და ეს არის სრულიად ნათელი. მან უნდა მოამზადოს არჩევნები. იმიტომ, რომ გადატრიალებას ხომ არავინ არ აპირებს?! ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს. ტექნიკურმა მთავრობამ არჩევნები უნდა მოამზადოს, ჩაატაროს ნორმალური არჩევნები და არჩევნების შემდეგ, როდესაც საზოგადოება გამოვა, უკვე თავისუფალ არჩევნებში გადაწყვეტს, რომელ პარტიას მეტი ხმა მისცეს და რომელ პარტიას ნაკლები. ეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციები. გადატრიალებას ყველა იმიტომ კი არ ერიდება, რომ ვინმეს რამის ეშინია, უბრალოდ ქვეყანას ვუფრთხილდებით და ძალიან კარგად გვესმის ის, რომ კიდევ ერთი გადატრიალება, კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება და კიდევ ერთი დიდი არეულობა ქვეყნისთვის იქნება დამანგრეველი, მაგრამ ამაზე პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლად მოქმედების პირობებში რამდენად რეალისტურია სამოქალაქო სექტორის იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც გუშინდელ აქციაზე გამოითქვა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შეიცვალა თუ არა მისი ხედვა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, რადგან სხვა პოლიტიკური აქტორებისგან განსხვავებით, ის ყოველთვის ღიად საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მნიშვნელობაზე და არ ერიდებოდა ისეთ ნაბიჯებს, როგორიც მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში მისი ვიზიტები იყო, ხოლო ის ადამიანები, რომელთან ერთადაც დღეს აქციაზე „შინ ევროპისკენ“ დგას, მას პრორუს პოლიტიკოსად მოიხსენიებენ და რუსეთთან ურთიერთობის მისეულ ხედვას არ იზიარებენ, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მისი პრორუსულ პოლიტიკოსად მოხსენიება მხოლოდ კლიშე იყო, თორემ მისი მხრიდან ვერც ერთ პრორუსულ განცხადებას ვერასოდეს ვერავინ მოიყვანს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×