რეზონანსი
26.06.2022

დადიანების ბოტანიკურ ბაღში სამდღიანი უამინდობის შედეგად, მძიმე მდგომარეობაა შექმნილი.

ტერიტორიაზე სადრენაჟო სისტემის არასწორად დამონტაჟების გამო ოთხსაუკუნოვანი ხეები ნადგურდება. ისტორიული ბაღის რეაბილიტაციისთვის 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა მცირე წვიმის დროსაც კი, ტერიტორიაზე წყალი დგება და ამას ნარგავები ეწირება.

"ნათლად ჩანს, რომ სამუშაოები, რომელიც ჩატარდა ბოტანიკურ ბაღში და რომელზეც დაახლოებით 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, არის წყალში ჩაყრილი. სადრენაჟო სამუშაოები აღარ არის ჩატარებული. 4 გამწოვი არხიდან მხოლოდ ორი მუშაობას, რომელმაც ვეღარ შეძლო ამ წყლის გატარება. წყალი ჩაუდგა ფესვებში ხეებს და საშიშროება არის, რომ სხვა ხეებიც წაიქცეს", - ამბობს ზუგდიდის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", თემურ ბასილაია.

პარტია საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში სპეციალური კომისიის შექმნას გეგმავს.

"3 წლის წინ ჩატარდა ე.წ. რეაბილიტაცია დადიანების ბაღის. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ არასწორად იყო ბევრი რამ გაკეთებული, მაგრამ შედეგი რაც დადგა, არის კატასტროფული. ამას არ მოველოდით. ამიტომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" ვაპირებთ გავაკეთოთ დროებითი სამუშაო კომისია, გამოვითხოვთ დოკუმენტაციას პროექტირების, შემსრულებლების და ასე შემდეგ. უნდა გამოვავლინოთ ის დამნაშავეები, რომლებმაც გაანადგურეს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი", - თქვა ენმ-ის წევრმა, მაია კალანდიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკვე მეორე დღეა, ტერიტორიაზე ვიზიტორების შესვლა შეზღუდულია, რადგან იქ გადაადგილება არსებული ვითარების გათვალისწინებით, უსაფრთხო არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×