რეზონანსი
30.06.2022

არის შეშფოთება, რომ ბოლო ერთ წელში, წელიწად-ნახევარში საქართველოს რეფორმების იმპლემენტაციის რიტმი შენელდა და ჩვენ გვჯერა, რომ ტემპის აღდგენა უნდა დაიწყოთ, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

როგორც ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარ თავზე მუშაობა, რათა რომ მზად იყოთ, როდესაც ამის დრო მოვა და პროგრესი გქონდეთ რეფორმებში, რომელიც ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაშია გაწერილი და იდენტიფიცირებული.

„მინდა, ხაზი გავუსვა 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების დადასტურების მნიშვნელობას. მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ არც ისე ცოტაა, ეს არის ის, რაც უკვე დაფიქსირებული და დადასტურებულია საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინასთნ მიმართებაში. ეს უკვე ადასტურებს, რომ კარი ღიაა და უნდა გააგრძელოთ მცდელობა, რომ იყოთ მზად, როდესაც მომენტი დადგება. არაერთხელ გვითქვამს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ალიანსმა ერთობლივად უნდა მიიღოს, როდესაც ისინი მიიჩნევენ, რომ გარემოებები, რომელიც რეფორმების გზაზე მიღწეული პროგრესით განიზომება, ოპტიმალურია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტი გვაქვს ამ მიმართულებით თქვენს დასახმარებლად, ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა, სადაც იდენტიფიცირებულია მიმართულებები, რომელზეც პროგრესს ვითხოვთ, სწორედ ეს გვინდა და შემდეგ იქნებით მზად.

გუშინ თქვენს პრემიერთან და ორ მინისტრთან ამაზე მქონდა საუბარი, როგორც საქართველოს მხარდამჭერსა და ნამდვილ მეგობარს, რათა ნატო-ს წევრებთან ადვოკატირება გავუწიოთ საქართველოს მისწრაფებას, ამიტომ ძალიან ღია და გულწრფელი ვიყავი პრემიერთან, რომ უნდა გააგრძელონ იმ მიმართულებით მუშაობა, რასაც ვითხოვთ. რა საკვირველია, ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის დონით, ეს ნამდვილად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ უნდა განაგრძოთ საკუთარ თავზე მუშაობა, რათა მზად იყოთ, როდესაც ამის დრო მოვა და პროგრესი გქონდეთ რეფორმებში, რომელიც ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაშია გაწერილი და იდენტიფიცრებული", - განაცხადა კოლომინამ.

კითხვაზე, ფინეთ-შვედეთის პრეცედენტმა, სწრაფად გაწევრიანების პროცედურებმა MAP-ის გარეშე, შექმნა თუ არა მაგალითი, რომ ეს მოდელი საქართველოსთან მიმართებაშიც შეიძლება იქნას გამოყენებული, ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რომ MAP არ არის მიზანი, ეს არის ინსტრუმენტი და არის ინსტრუმენტი, რათა მოემზადოთ საჭირო მომენტისთვის.

„მე პირადად მჯერა, რომ საქართველოს ნაბიჯების გადადგმა სჭირდება წევრობისთვის მოსამზადებლად. ქვეყანას პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური კონსენსუსი, სჭირდება ალიანსის წევრი სახელმწიფოებისგან და მეორე, თავად საქართველო უნდა მოემზადოს რეფორმების გზით. MAP არის ინსტრუმენტი ნებისმიერი ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ მოემზადოს, როდესაც ვფიქრობთ, რომ ის არ არის მზად. მე ვფიქრობ, რომ საქართველო არ არის მზად და სავარაუდოდ, ქვეყანას დასჭირდება MAP", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

მისივე თქმით, ნატო მოხარულია საქართველოსთან თანამშრომლობით.

„პრემიერ ღარიბაშვილთან საუბრისას ძალიან ღია ვიყავი. ძალიან მოხარული ვართ საქართველოსთან თანამშრომლობით. ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან ეს შესანიშნავია, რაც ეხება სწავლებებს. მე ვსტუმრობდი თქვენს ქვეყანას აპრილის ბოლოს, მქონდა ძალიან კონსტრუქციული და საჭირო საუბრები ყველა მხარესთან მთავრობასა და პარლამენტში. პროგრესის მიღევა თუ გსურთ ევროატლანტიკურ გზაზე, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვადასტურებთ, უნდა გააგრძელოთ მომზადება.

დიახ, არის შეშფოთება, რომ ბოლო ერთ წელში, წელიწად-ნახევარში საქართველოს რეფორმების იმპლემენტაციის რიტმი შენელდა. გვჯერა, რომ ტემპის აღდგენა უნდა დაიწყოთ. ზოგიერთ რეფორმას კარგად იცნობთ, ეს არის მართლმსაჯულება, საარჩევნო სისტემა, უსაფრთხოების სისტემა. ეს ყველაფერი იდენტიფიცირებულია ჩვენ ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში და მქონდა ამაზე მოკლედ საუბარი პრემიერ ღარიბაშვილთან. როგორც იცით, ამაზე მქონდა ვრცელი საუბარი თბილისში ვიზიტის დროს, ახლა შევახსენე. მიპასუხა, რომ ძალისხმევას არ ზოგავენ", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×