რეზონანსი
02.07.2022

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი, ТМТМ შესაძლოა, ჩრდილოეთ დერეფანზე უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, რაც საქართველოს და აზერბაიჯანის საერთო ინტრესია. ამის შესახებ ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიის, APM Terminals Poti-ის კომერციულმა დირექტორმა, იან როულინსონმა სააგენტო Trend-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, იმისათვის, რომ შუა დერეფანი კონკურენტუნარიანი გახდეს, ის უკიდურესად ეფექტური უნდა იყოს გამჭვირვალე სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო კავშირებისთვის, როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები დასრულდება და რეგიონი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. იან როულინსონს მიმდინარე წლის პროგნოზირება უჭირს, რადგან, მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გარშემო ჯერ გაურკვევლობაა, ასევე, COVID-19-ის ამჟამინდელი გავლენა, განსაკუთრებით ჩინეთში, გლობალურ მიწოდების ჯაჭვზე კვლავ პირდაპირ ზემოქმედებს.

თუმცა ჩინეთის ტვირთი, რომელიც ტრადიციულად რუსეთის გავლით გადიოდა, დღეს ეფექტურად სწორედ შუა დერეფნით ტრანსპორტირდება. როულინსონის შეფასებით, მართალია, ჩინეთსა და ევროპას შორის რუსული დერეფანიც ეფექტურია, თუმცა ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე საქონლის გადაადგილების დროს გარკვეული სირთულეები იქმნება. სწორედ ამიტომ დღეს შუა დერეფანი ყველა მონაწილეს სჭირდება, რომლებმაც ცენტრალური აზია-კავკასიის, როგორც ჩინეთის ბაზრის ნაწილის კონცეფცია პოპულარული რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გახადონ, თორემ ჩინეთის ბაზარი საბოლოოდ ისევ ჩრდილოეთ დერეფანს დაუბრუნდება, როცა ის ომის შემდეგ ხელახლა გაიხსნება. მაგ დროისთვის შუა დერეფანი მაღალკონკურენტუნარიანად უნდა დარჩეს, რაც, როულინსონის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს კეთილდღეობას მოუტანს.

APM Terminals მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან - აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. ასევე, მუშაობს გადაზიდვის ყველა მსხვილ ხაზთან, რომ ფოთი დაუკავშირდეს ევროპულ პორტებს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი. ასევე, დაუკავშირდეს ევროპის სარკინიგზო ოპერატორებს, განსაკუთრებით, პოლონეთსა და გერმანიაში, რომ შუა დერეფნის ეფექტურობა და გამჭვირვალობა გაიზარდოს.

„დღეს ჩვენ ვხედავთ დიდ ინტერესს ჩვენი კავკასიელი მეზობლების, ასევე, კასპიის ზღვის მეორე მხარეს, შუა აზიაში მყოფი ქვეყნების მხრიდან. ისინი დაინტერესებული არიან შუა დერეფანში სარკინიგზო ხაზების ხელშეწყობით, რაც ჩინეთიდან შემოსულ საქონელსაც შეეხება. ჩინური ტვირთები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტრადიციულად რუსეთის გავლით გადაჰქონდათ, თუმცა ბოლო დროს ისინი ყაზახეთიდან კასპიის გავლით ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი ფოთის პორტში ტრანსპორტირდება და ევროპას საზღვაო გზით მიეწოდება. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთის გავლით ჩრდილოეთის დერეფანი ახლა უბრალოდ, გამოუსადეგარია," - აცხადებს იან როულინსონი.

მისი მონაცემებით, დღეისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობა, წელიწადში, დაახლოებით, 500-550 000 TEU-ს შეადგენს, რაც შარშანდელ 300 000 TEU-ზე მეტია და მთლიანი სიმძლავრის 60%-ია.

APM Terminals საპორტო ოპერირების კომპანიაა, რომლის სათაო ოფისიც ნიდერლანდებში მდებარეობს. კომპანია დანიის გადამზიდავი გიგანტის, Maersk-ის სატრანსპორტო და ლოგისტიკის განყოფილებას წარმოადგენს.

წყარო: bpn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×