რეზონანსი
03.07.2022

ივანიშვილის რეჟიმს ყველა ვადა უკან აქვს ჩამოტოვებული - რომც გაგვმართლებოდა და კანდიდატობა მიგვეღო, ესეც კი არ იქნებოდა საკმარისი, რადგან საბოლოო ამოცანა ნორმალურ ლიბერალურ დემოკრატიად სრული ტრანსფორმაციაა, რაც ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პირობებში შეუძლებელია,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველას, ვისაც თავისუფლება და დასავლური მომავალი უნდა, უნდა გააცნობიეროს, რომ ეს საკითხი სამოქალაქო აქტივობაზეა დამოკიდებული და ამის აუცილებელი პირობა „ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილება და ლიბერალური დემოკრატიის შექმნაა“.

„ევროპული საქართველოს“ ხედვა არასდროს იყო ის, რომ ამ რეჟიმს ულტიმატუმი უნდა წავუყენოთ, რაღაც დრო მივცეთ და რამე შანსი არსებობს. იმედი მაქვს, ყველა აქტიური ჯგუფი მკაფიო პოზიციაზე დადგება და ამ მძიმე რეალობას გააცნობიერებს. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ივანიშვილის და მისი გარემოცვის პირობებში საქართველოს სამშვიდობოს გასვლის და ევროპული იდენტობის შენარჩუნების შანსი არ აქვს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, რამდენად რეალურია ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა, ბოკერია ამბობს, რომ ეს მხოლოდ შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ასეთი მთავრობა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს, შემდეგ კი ეროვნული თანხმობის მთავრობა შედგება.

„გარდამავალ პერიოდში ახალი დემოკრატიული არჩევნების მომზადებისთვის, შესაძლოა, ადამიანებს, ვინც აქტიურ სამოქალაქო ჯგუფებში არიან, განსაკუთრებული როლი ჰქონდეთ. ეს ნორმალურია, მაგრამ ამასთან ერთად, მოვისმინე არასწორი და ლიბერალურ დემოკრატიასთან შეუთავსებელი იდეა, რომ რაღაც ჯგუფმა, თუნდაც დამსახურებული მოქალაქეების ჯგუფმა, რაღაც პერიოდის განმავლობაში მართოს ქვეყანა და რეფორმები ჩაატაროს - ეს არასერიოზული და არასწორია. ქვეყნის მართვას და ტრანსფორმაციას, მაგალითად სასამართლო რეფორმის გატარებას, სჭირდება ხალხის მანდატის მქონე მთავრობა. დღეს ამ პარლამენტს ხალხის მანდატი არ აქვს, ამიტომ მათ პირობებში ტექნოკრატიული მთავრობის შექმნა, რომელსაც დემოკრატიული მანდატი არ ექნება, არასერიოზულია. ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ, თუ ეროვნული თანხმობის მთავრობა არჩევნების შემდეგ შედგება და იქ იქნება ტექნოკრატიული ხალხი, ეს ნორმალური ევროპული გზა. ხოლო მანამდე, შესაძლოა, იყოს მხოლოდ ტრანზაქციული გუნდი, რომელიც იმ პირობებში, როდესაც რეჟიმს ვითარებაზე კონტროლი არ აქვს, დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია - ,,წინ ევროპისკენ” მიმდინარეობს.

ადგილზე მოქალაქეებთან ერთად იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის სფეროსა და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები.

ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს ამოიწურა. როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები დღეს ღამით პარლამენტის ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×