ავარიული კორპუსების ჩანაცვლების საპილოტე პროგრამა იწყება. პროგრამის ფარგლებში, პირველი ავარიული კორპუსი, რომლის ჩანაცვლებაც განხორციელდება, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს.
"სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს ხუთსართულიანი მაღალი კატეგორიის ავარიული შენობა, საიდანაც მოსახლეობა უკვე გაგვყავს და ნაწილი ქირით გაყვანილია. მუნიციპალიტეტი ამ შენობის დემონტაჟს და მის ნაცვლად, ახლის მშენებლობას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროექტი შედგენილია, ექსპერტიზა ჩატარებულია და გამოცხადებულია ბაზრის კვლევა," – განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.
ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე შეხვდა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
"აქამდე, მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის – სამშენებლო კომპანიების თანამშრომლობა იმისთვის, რომ ეს პირველი საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდეს. მინდა, სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოვუწოდო. საჭიროება თუ არსებობს, ირაკლი ხმალაძე ისევ მზადაა, სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრები აწარმოოს," – აღნიშნა კახა კალაძემ.
მუნიციპალიტეტი კიდევ 12 ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს. უახლოეს დღეებში სატენდერო პროცედურებიც ჩატარდება.