რეზონანსი
02.08.2022

სამების საკათედრო ტაძარში, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.

იქამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ამა წლის, 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია", -ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

პატრიარქმა იმ ადამიანების სახელები და გვარები ჩამოთვალა, რომლებიც ტრაგედიას ემსხვერპლნენ და აღნიშნა, რომ მათი სულისთვის ლოცვა აღევლინება.

„აღვავლენთ მათი უკვდავი სულთათვის ლოცვებს, რათა მათ სავანესა მართალთასა განისვენონ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უფალმა მოანიჭოს ურყევი რწმენა და სასოება მარადიული ცხოვრებისა, ლოცვის ძალა და მშვიდობა", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ორი მაშველი, სასწრაფო დახმარების სამსახურის 2 ექიმი და სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×