საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, ახალი გადაწყვეტილება მიიღო. სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც ამჟამად 4 წლით არის განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ის ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
“სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის 4 წლიდან 3 წლამდე შემცირება. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, რამაც შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.
მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. ამ ცვლილების გაანალიზების და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ვადის 3 წლამდე შემცირების შესახებ. ეს ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში,” - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით, ეს ცვლილება სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის ტემპს შეამცირებს.