საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, გაზრდილი ფულადი გზავნილები რუსეთიდან ქართველების კაპიტალის მიგრაციით აიხსნება და ეს ეფექტი მალე ამოიწურება. შესაბამისად, ქვეყანაში ფულის ამგვარ შემოდინებას ინფლაციის ზრდაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
ამის შესახებ კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ინფლაციის შემცირებისთვის მარეგულირებლის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შეეხებოდა.
„თუ შევხედავთ ფულადი გზავნილების დინამიკას და გადმორიცხვებს, ჩვენ ამას როგორც ერთჯერადი კაპიტალის შემოდინებას ვუყურებთ; მათ შორის აქამდე რუსეთში მცხოვრები ქართველების ჩათვლით რუსეთიდან საქართველოში მიგრაციის გამო. მათ თუ თავისი კაპიტალი ჰქონდათ რუსეთში, საქართველოში გადმოაქვთ და ამის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება ფულადი გზავნილების სისტემაა. ეს აისახება სტატისტიკაში. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც მიგრაცია დასრულდება, ეს ეფექტი ამოიწურება.
ამ კაპიტალის შემოდინებას გარკვეულწილად გავლენა აქვს იმაზე, რომ ეკონომიკა უფრო აქტიურია, თუმცა ფინანსური ორგანიზაციები აბსოლუტურად იცავენ სანქციებს.
გარკვეულწილად ჩანს ფაქტორები, რომელებიც მოთხოვნიდან მოდის და გარკვეულწილად ეს თავის როლს თამაშობს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ინფლაციის განმაპირობებელია“, - განაცხადა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ინფლაცია შემცირების ტრენდით ხასიათდება.