ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას უმნიშვნელოდ ზრდის.
OPEC-ის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, სექტემბერში ნავთობის ყოველდღიური წარმოება 100,000 ბარელით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ მოცემული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება გასულ თვეებში დაფიქსირებულ ზრდის ტენდენციას, კერძოდ, ივნისის სხდომაზე OPEC-მა წარმოების 648,000 ბარელით ზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
გასათვალისწინებელია, რომ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „ნეიტრალიტეტს" ინარჩუნებენ და ინტერვენციებისგან თავს იკავებენ - აღნიშნული პოლიტიკა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მიუხედავად დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნისა, OPEC-ს ნავთობის მიწოდება ენერგოკრიზისის დასაძლევად საჭირო მოცულობით არ გაუზრდია.
ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, შესაბამისად, მიწოდების გაზრდა და ფასების შემცირება მათ ინტერესებში არ შედის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი ფაქტორია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური გავლენა აღნიშნული ორგანიზაციის დამოკიდებულებასა და დღის წესრიგზე.
წყარო: bm.ge