რეზონანსი
03.08.2022

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვემო ქართლში ჯილეხის გამოვლენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მათ მიიღეს ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარები მყისიერად გავიდნენ ადგილზე, აიღეს პათოლოგიური მასალა და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაავადება ჯილეხი დადასტურდა.

„სააგენტოს ვეტერინარულმა სამსახურმა პირუტყვის დაცემის ადგილებზე განახორციელა კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის" შესაბამისად, დაცემული პირუტყვი დაიწვა და დაიმარხა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მიმდებარე პერიმეტრზე მიმდინარეობს ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, ზემო კარაბულახის ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს საკარანტინო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილების, ცხოველების ბაზრობების მოწყობის, ცხოველებისგან მიღებული ნაწარმის მოხმარებისა და რეალიზაციის შეზღუდვას.

ჯილეხი (ციმბირის წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. საქართველოში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ჯილეხის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად მილიონამდე ცხოველს ცრიან", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×