ბავშვს სტანდარტული საანესთეზიო საშუალებები გაუკეთდა, რა იყო ფატალური გამოსავლის მიზეზი, ამის დადგენა მხოლოდ ექსპერტიზას შეუძლია, - ამის შესახებ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამბროსი პერტიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.
მისივე თმით, 7 წლის ბიჭს, რომელიც ანესთეზიის გაკეთების შემდეგ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა, წინა დღით სტანდარტით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა.
კლინიკის დირექტორის განცხადებით, ბავშვს სუნთქვის დარღვევა, გულის გაჩერება ანესთეზიური წამლების შეყვანიდან დაახლოებით, წუთ-ნახევარში განუვითარდა. რეანიმაციული ღონისძიებები 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
ამბროსი პერტიას განცხადებით, 7 წლის ბიჭს შარდსადენ მილზე მესამე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და ეს ეს რამდენიმე წლის განმავლობაში მესამე ჩარევა იყო.
„ის, რომ დედამ ანესთეზიის დაწყების დროს დაინახა, რომ ბავშვს სუნთქვა გაუძნელდა ეს ჭეშმარიტებას არ შეესაბამება, იმიტომ რომ ანესთეზიის დაწყების დროს დედა, რა თქმა უნდა, საოპერაციო დარბაზში არ იმყოფებოდა.
რა თქმა უნდა, ოპერაციული ჩარევა მას არ ჩატარებია, იმიტომ რომ ოპერაციის დაწყება უბრალოდ ვერ მოესწრო. საწყისი ანესთეზიის დაწყებისთანავე ფატალური შედეგი განვითარდა. რა არის ამის მიზეზი ამის თქმა, რა თქმა უნდა, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების გარეშე არ შეიძლება, რომელიც დაადგენს რის გამო განვითარდა, რა იყო კონკრეტული მიზეზი," - განაცხადა ამბროსი პერტიამ.
კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ პაციენტს კონკრეტული პრეპარატის მიმართ შეუთავსებლობა არ ჰქონდეს, მაგრამ ანაფილაქსიური შოკი განვითარდეს, კლინიკის დირექტორი პასუხობს, რომ იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია.
„იშვიათია, მაგრამ შესაძლოა, განვითარდეს. მე არაფერს ვამტკიცებ, არც ანაფილაქსიურ შოკს, არც არაფერს. ექსპერტიზას უნდა დაველოდოთ," - აცხადებს კლინიკის დირექტორი.
"ინტერპრესნიუსი"