რეზონანსი
11.08.2022

ახლა უკრაინას სჭირდება რუსი აგრესორის შეჩერება, ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია და კონტრშეტევითი ოპერაციის მომზადება ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად , - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა კოპენჰაგენში მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაზე განაცხადა.

"უკრაინა იბრძვის და ჩვენი მიზანი არ შეცვლილა - ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამისათვის საჭიროა შევაჩეროთ მტერი, განვახორციელოთ ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია - მისი სიგრძე 2500 კმ-ზე მეტია და აქტიური საბრძოლო მოქმედებები 1300 კმ სიგრძეზე მიმდინარეობს - ასევე კონტრშეტევითი ოპერაციისთვის მომზადება", - განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი არის საშიში მოწინააღმდეგე, რომელიც წესებს პატივს არ სცემს და უზარმაზარი რესურსები აქვს.

„ეს არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს და უგულებელყოფს დანაკარგებს. ის კლავს სამხედრო ტყვეებს და მშვიდობიან მოსახლეობას. იყენებს დეზინფორმაციას, მიგრაციას, მარცვლეულს, ენერგიას და ბირთვულ ენერგიას, როგორც იარაღს. მისი ტაქტიკა საფრთხეს წარმოადგენს ყველა ჩვენგანისთვის", - აღნიშნა რეზნიკოვმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის არმიამ უკვე გაანადგურა რუსული ელიტური ჯარების დიდი რაოდენობა - სადესანტო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალების.

„რუსეთის ქალაქებს: მურმანსკს, კალინინგრადსა და ფსკოვს ერთი რამ აერთიანებთ - მათი სასაფლაოების რაოდენობა სწრაფად იზრდება", - აღნიშნა რეზნიკოვმა.

ცნობისათვის, კოპენჰაგენში უკრაინის მხარდასაჭერად ჩრდილოეთ ევროპელი მოკავშირეების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც 26 ქვეყანა მონაწილეობს. დელეგაციებს წარმოადგენენ თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები, მოადგილეები ან სხვა ოფიციალური პირები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×