რეზონანსი
22.09.2022

ეს არის დროებითი პროცესი, ცოტა უნდა გავიჭირვოთ და პრობლემა მთლიანად იქნება მოხსნილი - ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ და დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, ყველა იამაყებს განხორციელებული პროექტებით, რომელიც მელიქიშვილის გამზირის და ქეთევან წამებულის გამზირის სახით ექნება ქალაქს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გზებზე საცობების ერთ-ერთ მთავარი პრობლემა კერძო ავტომობილების მატებაა.

„ქალაქში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. რაც კეთდება, ეს არის საშვილიშვილო საქმე, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებით. ორი უდიდესი და მნიშვნელოვანი გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მესმის, რომ ამ ყველაფერს ახლავს დისკომფორტი, მაგრამ როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, პირადად მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიყავი მზად, ვიცოდი, რომ ამას გარკვეული პრობლემები მოყვებოდა, გარკვეული დისკომფორტი ექნებოდა, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება ჩვენთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. ცოტა ყველამ უნდა გავიჭირვოთ, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ და დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება ყველა იამაყებს განხორციელებული პროექტებით, რომელიც მელიქიშვილის გამზირის და ქეთევან წამებულის გამზირის სახით ექნება ქალაქს. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ამით არ ვჩერდები, ჩვენ ვაგრძელებთ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, თუმცა უნდა აღინიშნოს საცობების ერთ-ერთ მთავარი პრობლემა ეს არის კერძო ავტომობილების მატება, რაც არის ძალიან დიდი რიცხვი. რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. პირველი ეტაპი ჩვენ დავასრულეთ და მთლიანად იქნა ჩანაცვლებული პარკი, გვყავს ახალი ავტობუსები და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საამაყო, რომ ევროპაშიც კი ასეთი განახლებული პარკი არ ჰყავთ როგორც დედაქალაქს და მეორე ეს არის, ინფრასტრუქტურის მოწყობა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული.

ყველაფერი მიმდინარეობს გრაფიკით არანაირი დარღვევა კომპანიებს არ ჰქონიათ. რაიმე დარღვევა, რომ იყოს პირველი მე გამოვიდოდი და ვიტყოდი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს ქალაქთან ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას - ფასადური მშენებლობა. ჩვენ გვინდა, რომ ძირეულად მოხდეს ყველაფრის შეცვლა მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, რომელიც რთული სამუშაოა და შეიძლება თვალით ამას ნებისმიერი ადამიანი ვერ ხედავდეს თუ რა მასშტაბებზეა საუბარი, მაგრამ იმ კონკრეტულ გამზირებზე საზოგადოება სადაც ცხოვრებს, ძალიან კარგად იციან თუ რა სამუშაოები ჩატარდა. ამ სამუშაოების ჩატარება იყო გარდაუვალი და მნიშვნელოვანი. მესმის, რომ სატრანსპორტო თვალსაზრისით ორივე გამზირი დატვირთული და უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის, მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი გამზირის რეაბილიტაცია მოვახდინოთ, პირიქით, უნდა გავიჭირვოთ და რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვალ მომავალმა თაობებმა უპრობლემოდ შეძლონ ქალაქში გადაადგილება, ერთი ადგილიდან მეორეზე.

გვაქვს 20 პრობლემური ლოკაცია, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის წარმოადგენს პრობლემას, ამ ადგილებში საჭიროა ინფრასტრუქტურული ჩარევები, მაგრამ ესეც უნდა განხორციელდეს თანმიმდევრულად და ეტაპობრივად, უცებ შეუძლებელია ყველაფრის მოგვარება", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×