რეზონანსი
26.09.2022

ლარსის გამშვებ პუნქტთან მოძრაობა პარალიზებულია. საქართველოში რუსეთის მოქალაქეები დიდი რაოდენობით შემოდიან. მათი თქმით, ისინი გამოექცნენ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც მამაკაცების ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას ეხება.

რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ისინი დეზერტირები არ არიან და უბრალოდ არ მოსწონთ ის სიტუაცია, რაც მათ ქვეყანაში ხდება. ნაწილი კი აღიარებს დეზერტირობას და ღიად ამბობს, რომ ქვეყანას სწორედ ამ მიზეზით ტოვებს.

მათი განცხადებით, რუსეთის მხარეს 30 კილომეტრიანი რიგია და ყველა მათგანს საქართველოში სურს შემოსვლა და ომისთვის თავის არიდება. ამ რიგების გამო კი, რუსი კაცები მანქანებს ტოვებენ და საქართველოში ველოსიპედით ან ფეხით შემოდიან.

„მე დეზერტირი ვარ. მობილიზაციის გამო წამოვედი რუსეთიდან. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ახლა იქ. ყველა ცდილობს ქვეყნიდან გაქცევას. 30 საათი დამჭირდა ფეხით სიარული, აქამდე რომ მომეღწია. საქართველოში ვაპირებ დარჩენას და ცხოვრებას", - ამის შესახებ ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქემ „TV პირველს" განუცხადა.

„რაც რუსეთში ხდება, საშინელებაა. მე აიტი სპეციალისტი ვარ და რუსეთში ვცხოვრობდი. ახლა კი იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა. ვგეგმავდი მანქანით წამოსვლას, თუმცა შეუძლებელი გახდა, რადგან საშინელი რიგებია. ამიტომ, გზის გაგრძელება ფეხით მომიწია. რამდენიმე საათი დამჭირდა, რომ მოვსულიყავი საქართველოს საზღვრამდე. ჯერჯერობით, რუსი მესაზღვრეები გვაძლევენ საზღვრის კვეთის უფლებას", - განაცხადა კიდევ ერთმა რუსეთის მოქალაქემ.

„ჩვენ დეზერტირები არ ვართ, უბრალოდ არ მოგვწონს ის, რაც ახლა ხდება რუსეთში. დიდი რიგები გამოვიარეთ. მოსკოვიდან წამოვედით და სამი დღეა მოვდივართ. მანქანით წამოვედით, მაგრამ გზა ვერ გავაგრძელეთ და ველოსიპედით წამოვედი, რადგან გაწვევა გზაში არ დამწეოდა. ცოლი დავტოვე, რომელიც რიგს ელოდება, რომ წამოვიდეს საქართველოში. ველოსიპედით დაახლოებით 10 საათი მომიწია სიარული", - აღნიშნა კიდევ ერთმა რუსმა.

„დეზერტირები ჩვენ არ ვართ. არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში დარჩენა, იქ დასაკლავ ხორცად ყოფნა, ან მკვლელად ვიქცეთ, რომლებიც უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ არაფრის გამო", - დასძინა „TV პირველთან" საქართველოში გამოქცეულმა რუსმა.

ცნობისთვის, უკრაინის კონტრშეტევის წარმატების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ 300 000 სამხედროს მობილიზებას მოახდენენ. მობილიზების პარალელურად კი, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმები მიმდინარეობს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფორმალური ანექსია შესაძლოა, სექტემბრის ბოლომდე მოხდეს.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

აგრეთვე, 24 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედრო სამსახურს ეხება. ახალი კანონის თანახმად, დეზერტირობა ან სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 5-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×