რეზონანსი
28.09.2022

მზადდება ახალი „სამოკავშირეო სახელმწიფო", რომელშიც რუსები შეათრევენ ბელარუსს და ცდილობენ, შეათრიონ აფხაზეთიც, ალბათ ამაზეა ამ ეტაპზე ლაპარაკი. თუ ეს გაკეთდება, ლუკაშენკო შეეცდება თავიდან აიცილოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მაგრამ რამდენად გამოუვა, სხვა ამბავია, - ასე აფასებს საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში და აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრას.

როგორც შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში მიმდინარე ომმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან „დასავლეთმა ხელი ჰკრა და მანევრირება უჭირს", რაც როგორც ჩვენზე, ასევე კონკრეტულად აფხაზეთის აღიარებაზე აისახება.

„სამწუხაროდ შეიძლება ყველაფერი აქეთკენ მიდის, ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ლუკაშენკო დროს გაწელავს, მას ესმის, რომ მსგავსი ნაბიჯი შეუქცევლად გადაისვრის რუსეთის ბანაკში. იმედი ვიქონიოთ, რომ მას კიდევ აქვს მანევრის საშუალება, ეს იმით გამოჩნდება თუ რა ნაბიჯს გადადგამს, თუ ეს ყველაფერი არ გაცდება მხოლოდ განცხადებებს, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დროის გაწელვას ცდილობს ლუკაშენკო. ის ამ ომმა ჩააყენა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, დასავლეთმა ხელი ჰკრა და უჭირს მანევრირება, რაც აისახება ჩვენზეც, კონკრეტულად აფხაზეთის აღიარებაზე. თუ ეს მოხდა, ჩვენ გავწყვეტთ ბელორუსთან დიპლომატიურ ურთიერთობას, რაც მათ საბოლოოდ გადაისვრის ბნელ მხარეს. მანამდე ასეთი მკვეთრი ნაბიჯი არ გადაუდგიათ, არ ჩარეულან ომში და წითელი ხაზები არ გადაუკვეთიათ, ამის შემდეგ ამ რეჟიმის მობრუნება შეუძლებელი იქნება", - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის" აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×