რეზონანსი
29.09.2022

როდესაც საკითხი დგება სასამართლო ხელისუფლებაში რეფორმების გატარების, მაშინ გამოიძებნებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მტკიცებულებების გარეშე იგონებენ ასეთ სიუჟეტებს, უნიჭო სპექტაკლებს დგამენ, თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა,- ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვას განცხადებას ზეწოლისა და სასამართლო „კლანის" არსებობის შესახებ.

გვრიტიშვილის თქმით, სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფები არ არსებობენ.

„სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფები არ არსებობენ - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არიან ლეგიტიმურად თანამდებობაზე გამწესებული მოსამართლეები, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებენ სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების ფუნქციას.

რაც შეეხება განცხადებებს, წარსულში თითქოსდა განხორციელებული ზეწოლების შესახებ, პირველად რა კითხვაც ჩნდება - რატომ ახლა, რამდენიმე წლის შემდეგ და არა მაშინ, მყისიერად, როდესაც მოსამართლეზე გარკვეული ზეწოლა განხორციელდა. თუ ვინმე შეეცდება მოსამართლეზე ზეწოლა განახორციელოს, ის არათუ არ უნდა დაექვემდებაროს ამ ზეწოლას, არამედ მყისიერად უნდა ამხილოს. ეს მისი ვალდებულებაა. ქალბატონი ანა იქნება ეს, თუ სხვა ჩემი ყოფილი კოლეგა, ახლა იწყებს რატომღაც საუბარს, ხმაშეწყობილად, ორკესტრირებულად. ეს ცილისმწამებლური კამპანია გარკვეულ დროს ემთხვევა ხოლმე - როდესაც საკითხი დგება სასამართლო ხელისუფლებაში რეფორმების გატარების, მაშინ გამოიძებნებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მტკიცებულებების გარეშე იგონებენ ასეთ სიუჟეტებს, უნიჭო სპექტაკლებს დგამენ, თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა. ამას სხვადასხვა მიზანი შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება რამე ბენეფგიტი ჰქონდეთ",- განაცხადა დიმიტრი გვირტიშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა პროკურატურაში გამოკითხეს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საგამოძიებო უწყებაში ის 28 სექტემბერს დისტანციურად გამოკითხეს, ვინაიდან, საქართველოში არ იმყოფება. ღელეყვას თქმით, გამოკითხვისას დეტალურად ისაუბრა წარსულში მასსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ლევან მურუსიძეს შორის შემდგარი შეხვედრის დეტალებზე, რომელიც ახლა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. მისი განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ დროინდელ მდივანს, ლევან მურუსიძეს ჰკითხა, თუ რატომ არ დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე. ღელეყვას მტკიცებით, მურუსიძემ განუმარტა, რომ თანამდებობაზე არ დაინიშნა იმ მიზეზით, რომ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე მხარი არ დაუჭირა მოსამართლე ლევან თევზაძის კანდიდატურას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×