რეზონანსი
01.10.2022

ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი იაფდება. ნავთობიმპორტიორებმა საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირების შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე ფასები დაკორექტირება დაიწყეს. როგორც ისინი ამბობენ, ფასების შემცირების კიდევ ერთი ფაქტორი ბაზარზე ლარის გამყარება და სტაბილურობა.

კერძო სექტორის განმარტებით კლება, როგორც დიზელის, ისე ბენზინის ტიპის საწვავზე ფიქსირდება.

"საბითუმო ფასები დაახლოებით, 1 ლარით არის დაწეული, ასეთი დიდი შემცირება დიზელის შემთხვევაში მოხდა. რაც შეეხება ბენზინს, იგივე 1 თვიან ჭრილში, 30-40 თეთრიანი შემცირებაა,"- აცხადებს "სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე.

"მაგალითად Rompetrol- მა ყველა პროდუქტზე თავისი საწვავის ღირებულება 10-10 თეთრით შეამცირა თუმცა მას ადრე შედარებით მაღალი ფასები ჰქონდა. ასევე სოკარმა დიზელი 15 თეთრით გააიაფა,"- ამბობს ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი.

რაც შეეხება "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის მოსაზრებას, მან თქვა, რომ აგვისტოს დასაწყისიდან, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში", ფასები 70-80 თეთრით შემცირდა.

საერთაშორისო ფასის შემცირების პარალელურად ნავთობიმპორტიორები სხვა ფაქტორებზეც საუბრობენ. მათი თქმით, რუსეთიდან გაზრდილი ნავთობის იმპორტმა, ადგილობრივ ბაზარზე საწვავი გააიფა. ნავთობიმპორტიორების განმარტებით, რუსეთი საერთაშორისო ფასზე არ არის მიბმული და საწვავიც უფრო იაფია.

კიდევ ერთი მიზეზი, რაზეც კერძო სექტორი საუბრობს, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის სიჭარბეა, რამაც კომპანიებს ფასების შემცირებისკენ უბიძგა.

"არაადეკვატურად დიდი რაოდენობით საწვავი შემოვიდა საქართველოში, რამაც აგვისტოში და სექტემბერში ბაზარზე საწვავის სიჭარბე წარმოშვა. სიჭარბე კი ფასების დაცემას იწვევს, რაც მოხდა კიდეც"- აცხადებს "სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე.

"საერთაშორისო ფასებიც შემცირებულია. ნავთობის ფასი ომამდელ ნიშნულებს დაუბრუნდა. შემცირების ფაქტორი არის გამყარებული და სტაბილური ლარი და მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კონკურენცია"- ამბობს ვანო მთვრალაშვილი, გლობალური სავაჭრო ჯგუფის" ხელმძღვანელი.

რაც შეეხება მოლოდინებს, კერძო სექტორი პოზიტიურ პროგნოზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოკლევადიან პერიოდში საწვავზე ფასების შემცირება კიდევ არის მოსალოდნელი.

"ფასების შემცირების ეს ტენდენცია გაგრძელდება. 10-20 თეთრის ფარგლებში კლებას კიდევ უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ვვარაუდობთ,"-ამბობს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

ცნობისთვის: თუ ნავთობის საერთაშორისო ფასების ტენდენციას გადავხედავთ, ბარელი "ბრენტის" ფასის პიკი მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა და $ 130 შეადგინა, მას შემდეგ იყო ზრდის მეორე ტალღა უკვე ივნისში, ფასი ამ შემთხვევაში $120 იყო, მას შემდეგ კი ფასი კლებულობს. ხოლო დღეს ბარელი "ბრენტის" ღირებულება $89-ია. საერთაშორისო ბაზარზე ფასი უკვე მეოთხე თვეა მცირდება, ივნისთან შედარებით კი 25%-იანი შემცირება ფიქსირდება.

წყარო: bm.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×