რეზონანსი
05.10.2022

კრიმინალურ სამყაროში ცნობილმა ძმებმა, ნიკო კვარაცხელიას საქმის ირგვლივ დუმილი გამომძიებლების წინაშე დაარღვიეს. ჩვენება, რომელიც სხვა საქმეზე ბრალდებულებმა ციხეში მისცეს, "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. სასტიკ დანაშაულთან კავშირს უარყოფენ, თუმცა დათა და გუგა კაკულიები 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ერთ-ერთ მკვლელთან, გიორგი კავილაძესთან მეგობრობას ადასტურებენ.

ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ვერსიით, მკვლელობისთვის მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კაკულიებს სომხეთში შეხვდნენ და დანაშაულიც იქ დაგეგმეს, რამდენიმე კვირაში, 15 სექტემბერს ნიკო კვარაცხელია თბილისის ცენტრში ჩასაფრებით სწორედ კავილაძემ და ჭელიძემ მოკლეს. სომხეთის შეხვედრაზე ჩვენებაში დათა კაკულიაც საუბრობს.

"კურიერმა" გურამ კაკულიას ჩვენებაც მოიპოვა. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან რაიმე კავშირს ისიც უარყოფს. გამომძიებლებმა მას კითხვა საქართველოში არალეგალურად შემოსვლის გზებზე და თარიღზეც დაუსვეს.

კაკულიების ჩვენებები და 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმის ახალი მასალები რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას ოჯახს გააცნეს. ადვოკატი ამბობს, რომ დაზარალებულ მხარეს, დანაშაულის დაკვეთასთან დათა და გუგა კაკულიების კავშირზე ეჭვი გაუღრმავდა.

დათა და გუგა კაკულიებს ამ ეტაპზე მხოლოდ არაყიშვილის ქუჩაზე, სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ამ საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა. ბრალდებული ძმების წინააღმდეგ პროკურატურის 4 მოწმე დაკითხეს.

ძმები დანაშაულს არც ამ საქმეში აღიარებენ. პროკურორი კი მყარ მტკიცებულებებზე საუბრობს. ერთ-ერთი მთავარი ვიდეოჩანაწერია, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ძმები მზიურის ტერიტორიაზე ჩაფხუტებით შენიღბულები, ქურთიაშვილის დაჭრიდან რამდენიმე წუთში. კაკულიების ადვოკატები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.

მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლოში 22 ოქტომბერს გაგრძელდება. წარედგინებათ თუ არა დავით და გუგა კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას საქმეზეც ახალი ბრალი - მოკლულის ოჯახი პასუხს გამოძიებისგან ელოდება.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×