რეზონანსი
06.10.2022

ამ მომენტისთვის საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური ჯანდაცვის სამსახური აგებს პასუხს იმაზე, რომ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურ შესაძლებელ ფარგლებში დაცული და ჩემი ინფორმაციით, არის კიდეც დაცული. თუ ვინმეს ამისგან განსხვავებული ფაქტები აქვს, უნდა გამოიტანოს და სააშკარაოზე დადოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ჯანდაცვის საკითხია და სამედიცინო საკითხებში და ექიმების გასაკეთებელ საქმეებში ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ჩაერევიან.

„მე ვერ ჩავერევი, ვერ ვისაუბრებ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან ეს არ არის ჩემი საქმე და არც მივცემ თავს უფლებას, რომ ექიმების საქმეში ჩავერიო პარლამენტარი და ვერც იმაზე ვისაუბრებ, რა მომსახურება უნდა მიეწოდოს, ან არ მიეწოდოს. მე ვიცი, რა კანონები გვაქვს მიღებული, სტანდარტები ვიცი და მჯერა, რომ ჩვენი მთავრობა და ხელისუფლება ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ ავრცელებს განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, თალაკვაძე პასუხობს, რომ მთავრობას არ აქვს უფლება, რომ მისი სამედიცინო ინფორმაცია გაასაჯაროოს.

„ამ საქმის პოლიტიკური ნაწილი გახლავთ ის, რომ სააკაშვილი საქართველოში თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე შემოვიდა, დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისგებაში იყო მიცემული, იცოდა, რომ ძებნაში იყო და იცოდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე როცა შემოდგამდა ფეხს, მას პატიმრობა ემუქრებოდა. შესაბამისად, როგორც კი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, ამაზე სამართალდამცველებმა მოახდინეს რეაგირება და ის არის პატიმრობაში. პატიმრობის განმავლობაში მის ჯანმრთელობაზე არის პასუხისმგებელი პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა. მისი ჯანმრთელობა არის ჯანდაცვის საკითხი და ამის პოლიტიზირება, მე ვფიქრობ, რომ აზიანებს მისი ჯანმრთელობის ინტერესებს და აზიანებს იმ პროცესს, რასაც ექიმები აკეთებენ და უნდა აკეთებდნენ. შესაბამისად, ამაში სამედიცინო საკითხებში და ექიმების გასაკეთებელ საქმეებში ჩვენ ვერ ჩავერევით და ვერანაირად ვერ მივცემთ მითითებას თუ რა და როგორ გააკეთონ," - აღნიშნა თალაკვაძემ.

წყარო: „interpressnews.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×