რეზონანსი
24.11.2022

ჩვენ ვმოქმედებთ იმ სტანდარტებით, რაც ზოგადად არის დანერგილი, რაც ძალიან მაღალი სტანდარტია - ერთია პოლიტიკურ შეფასებას ახდენ, მეორეა რამდენად ემსახურება ეს შეფასება იმას, რომ შეფასებაში არ იყოს პოპულიზმი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, მაშინ როცა ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ" გამოაცხადა, რა იქნება ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.

ღუდუშაურის თქმით, ზოგადად ტერორიზმს და ტერორისტად მიჩნევას სჭირდება შესაბამისი სტანდარტი.

„ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, როდესაც მივმართეთ ჰააგას და როდესაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამომდინარე დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და იმ ბერკეტების გამოყენება, რომლის შედეგადაც უნდა მოხდეს აღიარება, რა ჩაიდინა ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციამ. შესაბამისად, აქ ნურავინ შეგვედავება და ნუ შეგვეცილება იმაში, რომ არამც თუ პოპულისტური ნაბიჯები გადავდგით, არამედ კონკრეტული საქმით დავადასტურეთ. ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ საქართველომ რამდენიმე თვის წინ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას. ეს იყო საერთაშორისო სასამართლოს მიერ იმის აღიარება, რომ დიახ, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით დანაშაული ჩაიდინა. ამავდროულად, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი წვლილის შედეგი და ამას ნუ დავუკარგავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომის ფასად კონკრეტული მტკიცებულებები შეაგროვეს, რაც რიგ შემთხვევაში გაფანტული ჰქონდათ იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

საქმე ეხება თქვენი, ჩემი და ყველას შვილის მომავალს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, კარგად გაიაზროთ ეს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაღაცებს, რომელიც საქართველომ გააკეთა, მას გულდასმით გაეცანით", - განუცხადა ჟურნალისტებს ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე სასამართლოს ძალით მოიპოვა აღიარება იმისა, რომ რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით დანაშაული ჩაიდინა.

"ამაზე მეტი, სხვა დანარჩენი, ყველაფერი არის მეორე და მესამეხარისხოვანი", - აცხადებს ღუდუშაური.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×