
რუსეთის მოკავშირე ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ლუკაშენკო ამბობს, რომ ზელენსკი ასე უნდა მოიქცეს, თუ სურს თავიდან აიცილოს უზარმაზარი მსხვერპლი და უკრაინის სრული განადგურება.
"ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ არ სურთ დიდი რაოდენობით მსხვერპლი და ადამიანების სიკვდილი, შეჩერდნენ და შეწყვიტონ მოქმედებები. მესმის ეს რთულია, მაგრამ აუცილებელია. თუ არ შეწყვეტენ, ამას უკრაინის სრული განადგურება მოჰყვება. ეს არ იქნება უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, არამედ ეს სრული განადგურება იქნება. უკრაინა უნდა შეჩერდეს", - თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ თქვა, რომ 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს (სსრკ-ს დანაკარგები) მაგრამ ახლა "ეს არავის ახსოვს" და გერმანიასთან ახლა მზად არიან ითანამშრომლონ. ბელარუსის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ იგივე მოხდება უკრაინელებთან ურთიერთობასთან დაკავშირებითაც.