რეზონანსი
28.11.2022

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.

როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულების მიმართ პროკურატურას მკაცრი მიდგომა ექნება.

„პროკურატურას მსგავს დანაშაულებზე მკაცრი მიდგომა აქვს და ასევე, ორივე ბრალდებულის მიმართ მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე მათგანმა კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. რაც შეეხება სასჯელს, ორივე მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ განაჩენის დღიდან მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევთ. ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, დაზარალებულის დეტალური ჩვენებაა, სადაც ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებს აღწერს. ჩვენთვისაც რთულია ამ ყველაფრის წაკითხვა. დაზარალებულმა ორივე ბრალდებული ამოიცნო. ერთ-ერთი ბრალდებული ადასტურებდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ფაქტებს უარყოფდა. ყველა მტკიცებულებაა მოპოვებული, რომელიც ადასტურებს ამ ორი ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენას.

უშუალოდ ადგილზე სათვალთვალო კამერები არ იყო, თუმცა მათი ყველა გადაადგილება - საიდან სად წავიდნენ, მოპოვებული იქნება", - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, 25 ნოემბერს მომხდარი დანაშაულის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×