რეზონანსი
01.12.2022

"კურიერის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტს, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოური პიარ-კომპანია დაიქირავეს და გიული ალასანიამ "გლობალ პოინტთან" გააფორმა ხელშეკრულება, მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ.

როგორც დავით მათიკაშვილი აცხადებს, ინფორმაცია ადასტურებს, რომ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ოჯახი და მომხრეები მეტ პროვოკაციას ცდილობენ და საზოგადოებას ანახებენ იმას, რაც რეალურად არ არსებობს.

"ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ უფრო მეტი პროვოკაციებით და სიმულაციებით ცდილობენ ის რეალობა დაანახონ საზოგადოებას, რაც სინამდვილეში არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში მარტივად შესაძლებელია, იქ როგორც ექსპერტიზის ბიუროს მისვლა და ექსპერტიზის ჩატარება, ასევე, ნებისმიერი უცხოელი ექიმის ჩამოყვანა, რომ მართლაც დადგინდეს პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის ნაცვლად პიარ-კომპანიებს ქირაობს ოჯახი, რომ მოახდინოს გაპიარება იმისი, რაც მაღალი ალბათობით რეალურად არც არსებობს. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმებმა უნდა იზრუნონ და არა პიარ-კონსულტანტებმა," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძისთვის გაუგებარია ექიმების ნაცვლად რატომ ქირაობენ პიარ-კომპანიებს. მისი შეფასებით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მომხრეებს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ, რაც გულისხმობს სააკაშვილისთვის სასჯელის არიდებას.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოური პიარ-კომპანია დაიქირავეს. "კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც გიული ალასანიამ ლობისტურ კომპანია "გლობალ პოინტთან" გააფორმა. კომპანიამ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ ჰუმანიტარული მისიით გადაყვანას უნდა გაუწიოს პიარ-კამპანია. კონტრაქტის ღირებულება 30 თასი დოლარია, თანხის ნაწილი - 15 000 კი უკვე გადახდილია. ამ თანხას ემატება სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება, რომელიც 400 დოლარამდეა, ასევე საადვოკატო ჰონორარი და სხვა ხარჯები.

დოკუმენტის თანახმად, ლობისტებს ევალებათ მედიასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა, კონტაქტი ლიდერებთან და გავლენიან პირებთან.

"გლობალ პოინთმა" უნდა შეიმუშაოს საკვანძო მესიჯები, მოაწყოს ბრიფინგები და სხვადასხვა შეხვედრა. კომპანია გეგმავს აკერმანის იურიდიულ გუნდთან თანამშრომლობასაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×