რეზონანსი
05.12.2022

ექიმებმა, თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ასეთ პირობებში მიხეილ სააკაშვილის მთლიანად განკურნება შეუძლებელია , - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალ ექიმთან, თამარ დავარაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკა ,,ვივამედის" ექიმები აღიარებენ, რომ ბოლო თვე ნახევარში მდგომარეობა დამძიმდა და 28%-ი წონის კარგვა არის დიდი მაჩვენებელი

"მე მქონდა პირადად რამდენიმე შეკითხვა, მკურნალი ექიმის აზრი მაინტერესებდა. მთელი ექვსი თვე დაწვრილებით გავიარეთ. დაახლოებით, სექტემბრის ბოლომდე არ იყო გაუარესება - როგორც მაისში შემოვიდა, დაახლოებით ისე იყო. როგორც აღნიშნავენ, ოდნავ გაუმჯობესებაც იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება მკვეთრად, 7-8 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო. ამ პერიოდში მას სასამართლოსთან დაკავშირებით სტრესი ჰქონდა მიღებული, ამის შემდეგ, დაიწყო სერიოზული წონის კლება, კუნთების განლევა და ანალიზებში ცვლილებები. დაახლოებით 20-25 კილოგრამი აქვს დაკლებული ორი თვის განმავლობაში, ანუ 98-დან 73-მდე, რაც დაახლოებით მისი წონის 28%-ია.

ისინი აღიარებენ, რომ ბოლო თვე ნახევარში მდგომარეობა დამძიმდა, წონის 28%-ი კარგვა ძალიან დიდი მაჩვენებელია, რადგან ითვლება, რომ კრიტიკული არის 30%-ი და შემდეგ შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესები.

ყველა ათვითცნობიერებს იმას, რომ მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ამ ორი თვის განმავლობაში", - დასძინა ექიმმა.

ამასთან, გრიგოლიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება არის სტრესის შედეგი.

,,კახექსია" არის იმ ანორექსიის შედეგი, რომლის დიაგნოზითაც გადმოვიდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველაფერი არის იმ სტრესის შედეგი, რა სტრესშიც იმყოფება. დამატებითი პატარა სტრესი იწვევს დაავადების გაუარესებას. გამოსავალი ექიმების მოსაძებნი არ არის. ექიმების მოვალეობაა, როგორმე სავალალო გართულებები თავიდან აიცილონ.

ჩვენ პრობლემას ვერ ვწყვეტთ - მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობას, რომელიც საწყისად სტრესით დაიწყო და სტრესი არ ლაგდება. ნებისმიერი ის გართულება, რაც მწვავედ შეიძლება დაემართოს, სისხლდენა, ინსულტი ან ინფარქტი იქნება. წონის ვარდნა თუ გაგრძელდა კიდევ, თვენახევრის შემდეგ რესურსები ორგანიზმიდან ამოიწურება და ნებისმიერი გართულება შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში, ,,კახექსიამ" სისხლდენები იცის. ესენი მზად არიან და რეანიმაციის განყოფილებაც მზად არის.

საკმაოდ ადეკვატურად აფასებს ექიმი მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც არის. ადეკვატური შეფასება არის ის, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ეს გართულებები, მაგრამ საწყისი და მთელი პრობლემა ამაში არ არის. პრობლემა არის ის, რომ ამ პირობებში კლინიკა ,,ვივამედს" არ ვგულისხმობ, ჩვენ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და მთლიანად განკურნება შეუძლებელია. იმიტომ, რომ მას აქ დაემართა და აქ მიიღო ეს სტრესი", - განაცხადა გრიგოლიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×