რეზონანსი
06.12.2022

 გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნაკაიძეს არც სექსუალურად და არც ფიზიკურად არ უძალადია.

„ექსპერტიზის დასკვნა ისეთია, რაც მაძლევს საფუძველს, შუამდგომლობა დავაყენო გაუპატიურების ნაწილში ძიების შეწყვეტაზე. პიროვნებას ედავებიან გაუპატიურებას, ძალადობას და გეტყვით, რომ დაზარალებულს არც სექსუალური და არც ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, დაზიანებები არ აქვს. ლაშა ნაკაიძე რასაკვირველია, ბრალს არ აღიარებს.

გოგონას პირადად არ ვიცნობ. პირსინგს რომ მოიხსნი, კვალი ხომ რჩება? - ეს თუ ვინმემ დაზიანებად ჩათვალა, არ ვიცი. ცხვირზე დაზიანება აქვსო. იძულებით არავინ მოხსნიდა, დარწმუნებული ვარ. ნაკაიძე არ აღიარებს ბრალს, რადგან დღემდე კითხვის ნიშნები აქვს, რა მოხდა მის თავს, ვინ გაწირა",- განაცხადა ბიბილეიშვილმა.

საქმის პროკურორის, გიორგი ნადირაძის განცხადებით კი, სამედიცინო დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს დაზიანებები აქვს. დახურული სხდომის გამო, პროკურორი დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ დაზარალებულს მრავალი ფიზიკური დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის, მკვრივი, ბლაგვი და მსხვილი ბასრი პირის მქონე საგნებით.

„სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს დაზიანებები აქვს. სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის, საკითხი შეაფასოს, გაუპატიურებას ადგილი ჰქონდა თუ არა, დასმული კითხვები ეხებოდა იმას, ჰქონდა თუ არა, დაზარალებულს დაზიანებები. რა სახის არის დაზიანებები, სად არის განთავსებული, რა ხანდაზმულობისაა, ასევე სხვა მტკიცებულებებს მხარეები სასამართლოში წარვადგენთ. ბრალდების მხარის გონივრული მოლოდინი არის, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურდება",- განაცხადა ნადირაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×