რეზონანსი
06.12.2022

არ ვაპირებ მივმართო სალომე ზურაბიშვილს, ვაპირებ, მივმართო სასამართლო მეგობრის მოსაზრებას, რადგან ერთი დღე დამრჩა პოზიციაზე და ვაპირებ ამ პოზიციის გამოყენებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ექიმთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა გასაჯაროვდა.

როგორც ომბუდსმენმა განმარტა, სახალდო დამცველის პოზიციაზე მუშაობის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება, მანამდე კი აპირებს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით ისარგებლოს, რადგანაც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს.

ლომჯარიას განმარტებით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია სასამართლოს მიმართ იქნება ის, რომ გაითვალისწინოს პაციენტის, მსჯავრდადებული, ბრალდებული, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება.

"პარალელურ რეჟიმში ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა სასამართლო მეგობრის მოსაზრების მომზადებაზე. სახალხო დამცველის აპარატმა საკმაოდ მოცულობითი და უნიკალური კვლევა ჩაატარა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების პრაქტიკის თაობაზე, ასევე საკანონმდებლო ანალიზიც. ამ კვლევის გამოქვეყნებას ჩვენ ისედაც ვაპირებდით, ბოლო ხუთი წლის კვლევის შედეგებია, თუმცა სამწუხაროდ, ჩემ ვადაში ეს ვერ მოესწრება, მაგრამ ამ კვლევის მიგნებებს გამოვიყენებთ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

რაც ალბათ, ყველაზე მთავარია, კონსილიუმის დასკვნა ერთ საკითხთან დაკავშირებით ცალსახაა, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. შესაბამისად, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება სსკ-ის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც ასეთ სიტუაციაში, სულ მცირე, ითვალისწინებს მსჯავრდადებულის სასჯელის მოხდისგან გადავადებას. ამიტომ, სამართლებრივად თუ ვიმსჯელებთ, მე, ეს დასკვნა მეუბნება იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. სსკ-ის 283-ე მუხლი ამბობს, რომ მსჯავრდადებულის სასჯელის მოხდისგან გადავადება შეიძლება მოხდეს თუ მისი დაავადება მძიმეა, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ამიტომ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება მძიმედ და საკმაოდ დეტალური მსჯელობა გვაქვს, ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს. თუმცა, ვინაიდან ჩემმა კონსილიუმმა ვერ შეძლო მისი მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს უფრო მეტი სპეციალობის ექსპერტები და სრულყოფილი კვლევა არ გვიწარმოებია, რაც შეუძლებელიც იყო, შესაძლოა იყოს კიდევ სხვა გარემოებები, მხარე ამას წარმოადგენს. შესაძლოა მხარის მიერ შედგენილი ექსპერტიზით საერთოდ გათავისუფლების საფუძველსაც აკმაყოფილებდეს, მაგრამ მე ვსაუბრობ ჩემი ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე, ვეცდები, რომ ჩემი ვადის ამოწურვამდე, ანუ 8 დეკემბრამდე სასამართლო მეგობრის მოსაზრება გავგზავნოთ", - აცხადებს ლომჯარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×