რეზონანსი
07.12.2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ვასილ კაკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, კერძოდ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის სისხლის ნიმუშის დამატებით აღებაზე, თუმცა აღნიშნულზე საბოლოო უარი არ უთქვამს და ნიმუშის აღება მომდევნო დღეებში მოხდება.

„მე ვიყავი შესული ბატონ მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში სისხლის ნიმუშის ასაღებად. ჩვენ შევთავაზეთ ნიმუშის აღება, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა დღეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე იმ მიზეზით, რომ მისი განმარტებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დღეს არ სურდა ნიმუშის აღება, თუმცა მას საბოლოოდ უარი არ უთქვამს ნიმუშის აღებაზე და მომდევნო დღეებში ჩატარდება ეს საგამოძიებო მოქმედება“, – აღნიშნა გამომძიებელმა.

მისივე თქმით, დამატებითი ნიმუშის წარდგენა არის ექპერტიზის უფლება.

„ჩვენ დავნიშნეთ ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, დავუსვით ექსპერტს კითხვები იმ გაჟღერებულ მეტალებთან და უცხო სხეულებთან დაკავშირებით, რაც გაჟღერდა მედიასაშუალებებში. ექსპერტიზის ბიურომ მიზანშეწონილად ჩათვალა დამატებით ნიმუშის წარდგენა და რომ არ შეფერხდეს, ნიმუშოს აღება არის ჩვეულებრივი ამბავი. დამატებითი ნიმუშის წარდგენა არის ექპერტიზის უფლება, თუ სურს, რომ მის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად გამოძიებამ დამატებით წარუდგინოს ნიმუშები, შეუძლია, მიმართოს დამნიშნავ ორგანოს. ჩვენ ამ შემთხვევაში ვეყრდნობით ექსპერტიზის ბიუროს. ჩვენ ექსპერტიზის ბიურომ მოგვმართა კონკრეტული ნიმუშის წარდგენის მოთხოვნით, რომლითაც ისინი თვლიან, რომ სავარაუდოდ გაგვცემენ პასუხებს ყველა გაჟღერებულ საკითხთან დაკავშირებით. საერთაშორისო გაიდლაინებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ ვეყრდნობით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, – განაცხადა გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარს არ აცხადებს, თუმცა ითხოვენ, რომ ექსპერტები ჩამოყალიბდნენ, რა მეთოდით და როგორ ატარებენ ექსპერტიზას.

„პირველი საკითხი იყო ის, რომ დამატებით უნდა აეღოთ სისხლი. სააკაშვილმა უარი განაცხადა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა ჩემი განმარტება იყო, რომ ექსპერტები ჩამოყალიბდნენ, რა მეთოდით, როგორ ატარებენ. ყოველდღე ხომ არ აუღებენ სისხლს, განგრძობადი ექსპერტიზა ხომ არ არის. ამიტომ, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, როგორ უნდათ და წერილობით გამოგვიგზავნონ. ოფიციალურად მივიღებთ, გავეცნობით, ვიმსჯელებთ. ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარს არ აცხადებს, ჯერ კარგად გახდეს. მე, როგორც ადვოკატს მაინტერესებს, დააზუსტონ, რა მეთოდით ტარდება და როგორ. შემდგომ გვითხრეს, რომ მივმართოთ ჩვენი ექსპერტების დასწრების საკითხზე და განიხილავენ მაგასაც. დღესვე გავუგზავნით მოთხოვნას წერილის სახით. ტყუილად ატარებენ, ეს რეზულტატს არ იძლევა. აბსოლუტურად სხვა მეთოდით ტარდება მთელ მსოფლიოში. სტანდარტია დადგენილი თმისა და ფრჩხილების საშუალებით ექსპერტიზის ჩატარების, როცა მძიმე მეტალებზეა საუბარია“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×