რეზონანსი
08.12.2022

ფილოსოფოსი და ექსპერტი ზაზა შათირიშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ოპოზიცია რადიკალურ დღის წესრიგს დაუბრუნდა. შათირიშვილი წერს: 

“გასული დღეების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები გამოხატავდნენ გაკვირვებას იმ ფაქტით, რომ საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიცია ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს.

ყველას ახსოვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, რადიკალური ოპოზიცია და მისი სატელიტები ომისკენ მიმართული რიტორიკითა და პროვოკაციებით აქტიურად გამოირჩეოდნენ: თებერვალ-მარტშიც საქართველო იყო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავდა; რადიკალები ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ვითარების სწრაფ ესკალაციას გამოიწვევდა; მოგვიანებით, ისინი ითხოვდნენ უკრაინაში მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავების გაგზავნას, რაც საქართველოს უკვე სამხედრო კონფლიქტის სრულფასოვან მხარედ აქცევდა; ცნობილი რადიკალები - სანაია, მშვილდაძე, გიგაური, უსუფაშვილი, მარგველაშვილი და სხვები საქართველოს ომში ჩართვაზე, იარაღის შესყიდვასა და „შანსის გამოყენებაზე“ ღიად და აქტიურად საუბრობდნენ; რადიკალებისგან და მათი უცხოელი პატრონებისგან არავის გაუპროტესტებია უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების ღია მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ა.შ.

თუმცა, რადიკალების ომისკენ მიმართული რიტორიკა რამდენიმე თვის განმავლობაში შენელდა, რაც მეორე ფრონტის იდეის მიმართ ქართული საზოგადოების მკვეთრად უარყოფითმა დამოკიდებულებამ განაპირობა. ყველა კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ომის კატეგორიული წინააღმდეგია, რამაც რადიკალურ ოპოზიციას რიტორიკის შეცვლისა და პროვოკაციებზე დროებით უარის თქმისკენ უბიძგა. მეტიც ამერიკის საელჩოს მსგავსად, მათ საჯაროდ იმის მტკიცებაც კი დაიწყეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არასოდეს სურდათ და ამგვარი რამ აზრადაც კი არასდროს გაუვლიათ.

მაგრამ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიცია ისევ ძველ რიტორიკას და პროვოკაციებს მიუბრუნდა. ერთი შეხედვით მართლაც გასაკვირად შეიძლება მოჩანდეს, რაში უნდა აწყობდეთ ამ ადამიანებს ხალხის ნების წინააღმდეგ ასე ღიად წასვლა, რაც ისედაც უკიდურესად დასუსტებულ რადიკალურ ოპოზიციას ძალიან ძვირი შეიძლება დაუჯდეს. 

სინამდვილეში, გასაკვირი და გასაოცარი აქ არაფერია. ბუნებრივია, ომის რიტორიკასთან დაკავშირებული ელექტორალური რისკები რადიკალებს თავადაც კარგად აქვთ გააზრებული. ამ პირობებში, მათ რიტორიკასა და პროვოკაციებს მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: ისინი არიან აგენტურა და ასრულებენ დავალებას, რომლის ერთადერთი მიზანი მეორე ფრონტად საქართველოს ქცევაა.

ორიოდე თვის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველო და უკრაინა ნატოში რომ მიეღოთ, არც რუსეთ-საქართველოს ომი და არც რუსეთ-უკრაინის ომები არ იქნებოდაო. ძნელია ამ ლოგიკას არ დაეთანხმო. ფაქტია, რომ ალიანსის გაფართოების პირობებში, რუსეთი ნატოსთან ომს ვერ დაიწყებდა და არცერთი ეს ომი არ მოხდებოდა. ასეთ დროს, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ მარტივი შეკითხვა: მაშინ რატომ გვითხრეს ნატოზე უარი 2008 წელს ჩვენც და უკრაინასაც?

2008 წელს ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება, ფორმალურად, გერმანიას და საფრანგეთს დააბლოკინეს. თუმცა, გერმანია და საფრანგეთი სრულად ოკეანისგაღმიდან რომ იმართებიან, საერთაშორისო პოლიტიკაში ჩახედული კაცისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. გერმანიას იაფ ბუნებრივ რესურსებზე და მსოფლიოში სახელგანთქმული გერმანული მრეწველობის გაჩერებაზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ ამაზე ერთი მოკრძალებული პროტესტიც კი არავის გამოუხატავს. ამ პირობებში, ცხადია, გერმანია და საფრანგეთი საქართველოს და უკრაინის ნატოში არგაწევრიანების ინსტრუმენტად მხოლოდ ფორმალურად გამოიყენეს. რეალურად კი, ასეთ გადაწყვეტილებებს სრულად ამერიკის შეერთებული შტატები იღებს, რომელსაც საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით საკუთარი გეგმა კარგა ხნით ადრე ჰქონდა მოფიქრებული.

კერძოდ, ნატოს რეალური მეპატრონეები - ამერიკელები ჩვენც და უკრაინასაც რუსეთთან საომრად გვამზადებდნენ. ბირთვული ომის საფრთხეების გათვალისწინებით, ნატო რუსეთთან ომში ხელს უშუალოდ ვერ გაისვრიდა. შესაბამისად, ამერიკელებს სჭირდებოდათ ქვეყნები, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად გამოიყენებდნენ და რუსეთთან საომრად გაიმეტებდნენ. ვიღაცისთვის როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს რუსეთის დასუსტების დიადი მიზანი, სტრატეგიული პარტნიორის მიერ პატარა ქვეყნის საზარბაზნე ხორცად მოაზრება და საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით გაწირვა მაინც დიდ ვერაგობად უნდა მივიჩნიოთ. 

ფაქტია, რომ უკრაინელები საზარბაზნე ხორცის მისიას დღეს ამერიკელებს ხუთიანზე უსრულებენ. საქართველოში კი, ამერიკელებმა ხელისუფლებაში „ხუთოსანი“ აგენტები ვერაფრით მოაბრუნეს, რომ ორი ფრონტის დიდი ხნით ადრე დაწერილი სცენარი სრულფასოვნად აღესრულებინათ. 

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ ასრულებს საზარბაზნე ხორცად საქართველოს ქცევის და ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის დავალებას. ამ ფაქტთან შეგუება კი, ამერიკელებს ძალიან უჭირთ და საკუთარ აგენტურას პერიოდულად სწორედ ამიტომ ააქტიურებენ.

აგენტურის ბოლოდროინდელმა გააქტიურებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე ჩვენს ქვეყანას ბოლომდე გადაგორებული არა აქვს და საზოგადოების უყურადღებობის შემთხვევაში, საქართველო სამხედრო კონფლიქტის მხარედ ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის აუცილებელი, საზოგადოებამ სწორად გააანალიზოს და შეაფასოს უკრაინის და ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები, რათა ჩვენმა ქვეყანამ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას და 30 წლის მანძილზე რიგით მეოთხე ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან“- წერს შათირიშვილი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×