რეზონანსი
08.12.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და ძნელად წარმოსადგენია, მან ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრება შეძლოს.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახს სურს, რაც შეიძლება დროულად მოხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

„ალბათ, ადვოკატთან განიხილავს მისი დასწრება-არდასწრების საკითხს. ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, რამდენი ხანია ამას ვითხოვთ. მისი ჯანმრთელობა მოითხოვს ამას. ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ამ პროცესზე", - განაცხადა გიული ალასანიამ.

მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებებიც შეაფასა და განაცხადა, რომ მარტო ღმერთის იმედად ვერ იქნება.

„მისი ეს მორწმუნეობა მომწონს, მაგრამ არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, მარტო ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ. კონკრეტული მოსამართლეები მონაწილეები იქნებიან ამ პროცესის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს მათი ჰუმანურობის, მათი პროფესიონალიზმის და ობიექტურობის", - განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და ჯდომაც კი უჭირს. "არ ვიცი როგორ უნდა მოიკრიბოს ძალა, ძნელად წარმომიდგენია. ექიმები დართავენ ნებას თუ არა არ ვიცი", - განაცხადა გიული ალასანიამ.

მან განმარტა, რომ განიხილება პროცესზე დისტანციურად ჩართვის საკითხიც და უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხვალინდელ პროცესზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×