რეზონანსი
08.12.2022

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ რუსეთის აგრესიას. ამსთან, მეორე ნაწილში გვაქვს ერთი განსხვავება რადიკალურ ოპოზიციასთან, კასიანოვთან და სხვებთან, სადაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ეს ომი ბოლომდე უნდა გახდეს საქართველოს ომიც, ამაში ვერ ვთანხმდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ხომ, ეს არის ცნობილი ფაქტი. ეს არის მდგომარეობა, რაც არის ფაქტობრივი მოცემულობა. ხშირად ისმის ფრაზა, რომ იქ მიმდინარე ომი არის საქართველოს ომიც. ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, ომი საქართველოსთვის ნახევრად მისი ვერ იქნება. ნახევრად საქართველოსი ეს ომი ვერ იქნება. ომი უნდა იყოს ან შენი ამ შემთხვევაში, ან არ უნდა იყოს შენი. სინამდვილეში, ვინც ამბობს, რომ ის ომი არის საქართველოს ომიც, მიანიშნებს იმაზე, რაზეც საუბრობდა კასიანოვი. მათ უნდათ, რომ ეს ომი გახდეს სრულად საქართველოს ომიც, ანუ ისინი ოცნებობენ მეორე ფრონზე საქართველოში. ანუ მათი განზრახვა და მოტივაცია, როდესაც საუბრობენ, არის სწორედ ეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეროვნული ამოცანები და კონკრეტული დაკვეთა მოსახლეობისგან, რომელმაც მხარი დაგვიჭირა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს დაკვეთა არის, რომ საქართველოში შენარჩუნებული უნდა იყოს მშვიდობა. მერწმუნეთ, პირველი რადიკალური ოპოზიცია გაიქცევა წითელი ხიდიდან, როგორც გაიქცნენ 2008 წელს, აქ რომ მშვიდობა დაირღვეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ მას უნდა მეორე ფრონტი საქართველოში.

„ზუსტად იგივე უნდა რადიკალურ ოპოზიციასაც. როდესაც ხდება საქართველოს პირდაპირ გაიგივება ომთან, მათთვის ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საქართველო პირდაპირ გაიგივდეს ომთან, ანუ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ჩვენ გვაქვს, ქართველ ხალხს აქვს საპირისპირო მიზანი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ყველაფერთან დაკავშირებით არის ნათელი.

„პირველი, პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე. ეს იქნა გამოხატული ყველანაირი ფორმით. მათ შორის, ჰააგაში სარჩელს მხარი დავუჭირეთ, გაერო, ეუთო და ა.შ. პოლიტიკური მხარდაჭერა არის სახეზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ამასთან ერთად, მეორე ნაწილში ჩვენ გვაქვს ერთი განსხვავება რადიკალურ ოპოზიციასთან, კასიანოვთან და სხვებთან. მეორე ნაწილში, სადაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ეს ომი ბოლომდე უნდა გახდეს საქართველოს ომიც, ამაში ვერ ვთანხმდებით ჩვენ და ხოშტარია, ჩვენ და „ნაცმოძრაობა", ჩვენ და კასიანოვი", - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×