რეზონანსი
31.01.2023

"ნაციონალურ მოძარობაზე" ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განცხადება გააკეთა.

რაც შეეხება თავად იმ ფაქტს, რომ ლევან ხაბეიშვილი გახდა თავმჯდომარე, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ის არჩევნები, რაც ჩატარდა "ნაციონალურ მოძრაობაში", არის ამ პარტიის მხარდამჭერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მას არ შეაფასებს.

„თუმცა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის, „ლელო" ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, როგორ ვხედავთ სამომავლოდ ურთიერთობას თუ პარტნიორობას. ჩემი შეფასებით, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში," გაიმარჯვა წარსულმა და არა მომავალმა და მომავლის ხედვებმა. „ლელო" ორიენტირებულია მომავალზე, საქართველოს დასავლურ, უსაფრთხო მომავალზე და შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მომავლისკენ სვლას. პარტიასთან, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება იმას, თუ მომავალში როგორ განვითარდება პროცესები, თუ დავინახავთ, რომ რაიმე რადიკალურ ცვლილებას და მომავალზე ორიენტირებას, საუბრით ყველასთან ვსაუბრობთ, მაგრამ სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირობებს და რესურსებს ახლა ნამდვილად არ ვხედავ პარტიასთან, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა გაიმარჯვა, რომელიც არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს ამ ხელისუფლების პირობებში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ რამდენად შეიძლება ითანამშრომლოს „ლელომ" „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან და აღნიშნა, რომ არ იცის, „საიდან მომდინარეობს ეს მოარული ხმები".

„ის პარტნიორობა, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალებთან გვქონდა და მომავალშიც გვექნება, ყოველთვის იყო საჯარო, ჩვენ არ დაგვიმალავს, ვისთან ვხედავდით და მოვძებნეთ საერთო პოლიტიკური ენა. ეს ენა მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში, რა თქმა უნდა, არ გულისხმობდა სრულ თანხვედრას, მაგრამ საერთო პოლიტიკური ენის მოძებნის რესურსი არსებობდა. დღეს, როცა თავად პარტიაში ასეთი პროცესები წარიმართა და წარსულმა გაიმარჯვა, ამის რესურსს ვერ ვხედავთ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×