რეზონანსი
31.01.2023

თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ „ნაციონალური მოძრაობის" გუნდის და არა ლევან ხაბეიშვილის ან ნიკა მელიას გუნდის წევრები - ბრძოლის მთავარი პრინციპი უნდა იყოს არა ბევრი ლაპარაკი, არამედ ბევრი საქმე, რაშიც იგულისხმება საპროტესტო აქციებიც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტია ასევე აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობისგან" „მეტ აქტიურობას ითხოვენ".

„ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია ჩაბმული, უნდა გვარწმუნებდეს, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წვერები ვართ. არავის არავისთვის მიუთითებია, რომ ვინმეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, ან პასიურ რეჟიმში გადასულიყო. პირიქით, უფრო მეტი აქტიურობის და ერთად ბრძოლის დროა. თანაგუნდელებს მოვუწოდებ, ერთად ვიბრძოლოთ, ერთად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებლად წარმატებას მოუტანს ჩვენს ბრძოლას, რაც იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება.

ბრძოლის მთავარი პრინციპი უნდა იყოს არა ბევრი ლაპარაკი, არამედ ბევრი საქმე, რაშიც იგულისხმება საპროტესტო აქციები და ჩვენი აქტიური მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც მოწადინებულები არიან პროცესში ჩაერთონ, თუმცა ჩვენს მეტ აქტიურობას ითხოვენ. სწორედ ამან განაპირობა ეს არჩევნებიც",- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი სურს.

„ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა ევროპული უნდა იყოს, ვითანამშრომლებთ და ვიქნებით თანამებრძოლები მთავარ პრინციპში -ქვეყნის გადარჩენისთვის",- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×