რეზონანსი
08.02.2023

არ მაქვს მოლოდინი, რომ მასობრივ მღელვარებას ვნახავთ საქართველოში , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

ხიდაშელის შეფასებით, საზოგადოების უმრავლესობას განცდა აქვს, რომ პოლიტიკურ კლასი ლაპარაკობს ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც მათ ყოველდღიურად აწუხებს და ეს იწვევს საზოგადოებაში პოლიტიკური ნდობის დაბალ ხარისხს.

„ცხარე პოლიტიკური დებატების საგანი ისეთი თემა არ ხდება, რომელიც ამ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია. ესეც არის მიზეზი, უკიდურესად დაბალი ნდობის, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ. ადამიანების უმრავლესობას განცდა აქვს, რომ პოლიტიკურ კლასი ლაპარაკობს ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც მათ ყოველდღიურად აწუხებს. თვითონ რომ ამბობენ, ყველაზე რეიტინგული და მთავარი ოპოზიციური პარტია ვართო, ეს პოლიტიკური ძალა პარლამენტში საქმიანობაზე უარს ამბობს, მხოლოდ იმიტომ რომ დღის წესრიგად ერთადერთი საკითხი აქვს. მათი ამოცანა გახდა, ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი ერთი საკითხით შემოიფარგლოს", - განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე ექნება თუ არა წერტილოვან აქციებს შედეგი, ხიდაშელი პასუხობს, რომ არ ექნება.

„მე ვფიქრობ, რომ ამას შედეგი არ ექნება, რადგან არ მაქვს განცდა, რომ ქართული საზოგადოება დაირაზმება. ასე, ამ ფორმებით, იმ ლიდერით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" აირჩია, არ მაქვს მოლოდინი, რომ მასობრივ მღელვარებას ვნახავთ საქართველოში. ამ განწყობებს, თავად „ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც არ მალავენ. ის, რაც „ნაციონალური მოძრაობაში" ხდება, არ ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე ნიშნით, მთავარი ამბავია",- აღნიშნა მან.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობას" საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმასთან ერთად მანდატებზეც რომ ეთქვათ უარი, ეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, უარყოფითად მიიქცევდა.

„ეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას უფრო მეტად მიიქცევდა, ოღონდ უარყოფითად. ეს იციან „ნაციონალურ მოძრაობაში" და, სწორედ ამიტომ არ დგამენ ამ ნაბიჯს. მათი მეგობრები უცხოეთში ამ გადაწყვეტილებისკენ არ მოუწონებდნენ", - აღნიშნა ხიდაშელმა.

გადაცემაში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე ისაუბრა, რომ „პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება".

ხიდაშელის თქმით, ჰუმანური გამოსავალი სამართლებრივი გამოსავლის გარეშე არ არსებობს.

მისივე თქმით, უცნაურად დაემთხვა „ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოდან საჩივრების გამოტანა და ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება.

„ჰუმანური გამოსავალი გამოსავლად მაშინ იქცევა, თუ მისი სამართლებრივად გაფორმება მოხდება. სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, რას იტყვის და როგორ იტყვის. როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, მისი საუბრის ლეგიტიმაცია ისეთი უნდა იყოს, რომ რაღაც შედეგი უნდა დგებოდეს. როცა არავითარი მოლოდინი არ გაქვს, რომ ამას გაგრძელება მოჰყვება, მერე უკვე ეს პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილია, რაღაც უნდა თქვა. დგება მომენტი, როცა ჩუმად ვერ იქნები, ამიტომ რაღაც უნდა თქვა.

უცნაურად დაემთხვა „ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოდან საჩივრების გამოტანა და ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება. პოლიტიკურ ცხოვრებაში დამთხვევები, რა თქმა უნდა, ხდება არც ისე ხშირად და არც ასე ნათლად", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე მოსაზრებით, როგორც ჩანს „ქართულმა ოცნებას" საკონსტიტუციო სასამართლოდან ჰქონდა გზავნილები, რომ ხელისუფლება აუცილებლად წააგებდა ამ საქმეებს, „მერე კი ივაჭრა პრეზიდენტისგან ის განცხადებები, რომელიც გააკეთა".

„არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ხელისუფლებამ მკვეთრი პოზიცია მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ მთავრობა ამ საქმეს წააგებდა. არის რაღაც, რასაც ვერ გაამართლებ, რის არგუმენტირებასაც ვერ შეძლებ. მოგონილი არგუმენტიც არ არსებობს, რომლითაც გაამართლებდი მთავრობას", - აღნიშნა მან.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაში იყო უზუსტობა და სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით სააკაშვილი არ გათავისუფლდება სასჯელისგან.

„მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გათავისუფლდება, ოღონდ მოსამართლეს ისევ შეუძლია გასცეს დაპატიმრების ბრძანება. ამ განცხადებაში მთავარი უზუსტობა ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილის მისჯილი აქვს იმ საქმეებზე, რომელზეც გასამართლებულია უკვე. მას არ აქვს წინასწარი პატიმრობა მისჯილი, იმ საქმეებზე რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეწყალების აქტი იწვევს სააკაშვილის გათავისუფლების რეჟიმის დადგომას.

გიგი უგულავას შემთხვევა ზუსტად იგივე იყო, როდესაც უგულავა გათავისუფლდა და მეორე დღეს მოსამართლემ დაპატიმრების ბრძანება გასცა და ციხეში შებრუნდეს. სამართლებრივად იგივე მდგომარეობაა, მაგრამ ჰუმანურად იგივე მდგომარეობა არ არის, მოსამართლისთვის გაცილებით რთულია ამ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის, თუნდაც 1 საათით თავისუფლება და უკან ციხეში შებრუნება ადვილი არ არის",- განაცხადა ხიდაშელმა.

მისი საუბრის ლეგიტიმაცია ისეთი უნდა იყოს, რომ რაღაც შედეგი უნდა დგებოდეს. როცა არავითარი მოლოდინი არ გაქვს, რომ ამას გაგრძელება მოჰყვება, მერე უკვე ეს პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილია,

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×