რეზონანსი
21.03.2023

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ევროპის მომავლის მისეულ ხედვაზე, სადაც ხაზი გაუსვა სუვერენული ერი-სახელმწიფოების როლს ევროპული ფედერაციის წინააღმდეგ. ამის შესახებ „ევროაქტივი" წერს.

როგორც მორავეცკიმ აღნიშნა, არაფერი დაიცავს ერების თავისუფლებას, მათ კულტურას, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო უსაფრთხოებას უკეთ, ვიდრე ერი-სახელმწიფოები.

მისი თქმით, „სხვა სისტემები ილუზორული ან უტოპიურია". მორავეცკი ამბობს, რომ ევროპის ერი-სახელმწიფოების ალტერნატივა იქნება „ნეოიმპერიალიზმი, ან ტექნოკრატიული უტოპია, რომელსაც ზოგიერთი ბრიუსელში წარმოიდგენს".

როგორც გამოცემა წერს, მორავეცკის გამოსვლა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით, ბმაშია ევროკავშირის სხვა ლიდერების ბოლოდროინდელ გამოსვლებთან, როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სიტყვით გამოსვლა 2017 წელს, სორბონაში თავის გეგმებზე ევროკავშირთან დაკავშირებით და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ 2022 წლის აგვისტოში პრაღაში გაკეთებული განცხადება, სადაც შოლცის თქმით, ევროკავშირის ხელშეკრულებები „დაბეტონებული" არ არის და რომ ევროკავშირის გაფართოება რეფორმებთან ერთად უნდა მოხდეს.

როგორც გამოცემა წერს, გერმანია ემხრობა საგარეო საქმეთა და საგადასახადო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღების გაუქმებას, რაც ერთგვარი პირობაც კი გახდა ახალი წევრების მიღებაზე თანხმობისთვის, თუმცა წინააღმდეგობას აწყდება პოლონეთის მხრიდან.

„ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები სხვებზე დომინირებას თუ შეეცდებიან, ევროპა შესაძლოა, წარსულის იგივე შეცდომების მსხვერპლი გახდეს", - გააფრთხილა მორავეცკიმ ჰაიდელბერგში და თქვა, რომ მისი „პროევროპულობა" გამოხატული იქნება ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერაში და არა მის შემდგომ ცენტრალიზაციაში.

როგორც გამოცემა წერს, სიტყვით გამოსვლისას მორავეცკიმ ასევე მკაცრად გააკრიტიკა ევროკომისია, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ის უჩივლებს პოლონეთს საკონსტიტუციო ტრიბუნალის ორ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც, კომისიის თქმით, ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის სამართლის პრინციპის უპირატესობას.

„სხვების გამათრახება „ევროპული ფასეულობების" მათრახით იმის გამორკვევის გარეშე, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს კონკრეტული ქვეყნების მიერ, თვითდესტრუქციულია ევროკავშირისთვის", - განაცხადა მორავეცკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×