რეზონანსი
23.03.2023

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებას ეხმაურება. გერმანელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ხედავს „საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს და ზეწოლას, რომელსაც აწყდება შიგნიდან და გარედან".

„ეს განცხადება პირდაპირ გაგებული უნდა იყოს როგორც საქართველოს მიმართ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პირდაპირი მხარდაჭერა და დანარჩენი სპეკულაციები აქედან უნდა გამოირიცხოს. მესმის, რომ ოპოზიცია ახლა ცდილობს გარეთ იპოვოს ძალა, ლეგიტიმაცია და თავის მხარდამჭერებს გარესიტუაციები გადაუთარგმნოს ისე, თითქოს მათ სასარგებლოდ არის აქ რამე. როცა ვამბობ მათ სასარგებლოდ, ვგულისხმობ, რომ ეს ის ხალხია, რადიკალური ოპოზიციიდან, რომლებიც დადიოდნენ ევროპაში და პარტნიორებს, მათ შორის გერმანიას უმტკიცებდნენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა თალაკვაძემ „ქრონიკაში".

მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ თქვა, ფაქტობრივად ეს პირდაპირ უნდა იყოს გაგებული, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა არ იყო მართებული გადაწყვეტილება.

„ეს განცხადება უნდა იყოს გაგებული ისე, რომ მან თქვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაყოვნება, ან გადადება იქნება არასწორი. დიახაც, ჩვენც როგორც ხელისუფლება, როგორც ჩვენი საზოგადოების ისტორიული არჩევანის წარმომადგენლები, ამას ვამბობდით, რომ საქართველო მაშინვე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და საქართველოს დატოვება კანდიდატის სტატუსის გარეშე ზრდიდა რისკებს იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომელიც არის რეგიონში. დღეს ქალბატონი ბერბოკის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაყოვნება არ იქნება სწორი, ეს ქმნის დამატებით რისკებს. ევროკავშირი თუ ისევ გადადებს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას, ეს გააძლიერებს ჩვენი მოწინააღმდეგეების, არაკეთილისმსურველთა ძალისხმევას, რომ როგორმე საქართველო ევროპული გზიდან დააშორონ და შეუქმნან პრობლემები. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მგონია, რომ კიდევ უფრო მეტ მკაფიო მხარდამჭერ მესიჯებს მოვისმენთ ჩვენი ქვეყნის და არჩევანის მისამართით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" ჩაწერა საზოგადოებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში და ალბათ ცინიკურია, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, დღეს ასეთი განცხადებებით გამოდის", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×